ელენე ხოშტარია - რუსეთი დავით გარეჯთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილებს, თითქოს რაღაც მიწების გადაცემა და ჩვენი ტერიტორიის ოკუპირება მოხდა
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ პირებს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ისინი სისტემის მსხვერპლნი არიან.
„პირველ რიგში, მინდა, სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა გამოვუცხადო ამ ორ მორიგ სისტემის მსხვერპლს. არავინ იფიქროს, რომ მორიგი ბინძური თამაშების გამო, ვინმე დააჩაგრინებს წესიერ მოქალაქეებს.
აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს არის მორიგი პოლიტიკური ბინძური თამაში. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის ინტერესს ემსახურება, ვინ მოიგებს, ვინ წააგებს. არც ერთი პოლიტიკური პროცესი, არც ერთი სკამი არ ღირს ადამიანების ჯანმრთელობად. დღეს რეალურად, ეს ადამიანები, სახელმწიფოს მხრიდან შეურაცხყოფილები, მართლაც არიან ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის ქვეშ. აქ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის კონკრეტულად რუსეთის ინტერესი. რუსეთი დავით გარეჯთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილებს, თითქოს რაღაც მიწების გადაცემა, რაღაც ჩვენი ტერიტორიის ოკუპირება მოხდა.
მინდა, საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რომ არანაირი შეთანხმება, არანაირი ხელშეკრულება, არაფრის გადაცემა არ მომხდარა. ეს არის რუსული პროპაგანდა, რასაც უკვე მოჰყვა „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელსაც წინ უძღოდა მოსკოვიდან ახლად ჩამოსული, რუსული ინსტრუქტაჟის მიმღები პარტიის, ინაშვილის 11 ივნისის განცხადება რუკებთან დაკავშირებით გამოძიებაზე – ზუსტად იდენტური მოთხოვნა. სურათი ცხადად იკვრება“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.