ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში მე-4 დღეა, შიმშილობს, არ გამორიცხავს, პროტესტის ფორმა გაამწვავოს
„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში მე-4 დღეა, შიმშილობს, არ გამორიცხავს, პროტესტის ფორმა გაამწვავოს. მისი თქმით, პროტესტის გაგრძელებას აპირებს იქამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.
ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს მასთან სადაზღვევო კომპანია „არდის“ ჯგუფის ოჯახის ექიმი მაია ცაავა იმყოფებოდა, რომელმაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასა. ხოშტარიას თქმით, მის მოსანახულებლად „ქართული ოცნების“ წარმომადგენიც იმყოფებოდa, თუმცა მისი იდენტიფიცირებისგან თავი შეიკავა.
„ცხადია პროტესტს ვაგრძელებ, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს და ქვეყანას არ ავარიდებთ იმის საფრთხეს, რომ უბედურება მოხდეს. ექიმების დასკვნები არის შემაშფოთებელი და აქ მთავარი არის ექიმების პოზიცია, რომლებიც ამბობენ, რომ გადასაყვანია კლინიკაში. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, თუ ხელისუფლება ისევ უგუნურად მოიქცევა და საფრთხე გაიზრდება, მაშინ ვფიქრობ, პროტესტის ფორმის გამწვავებაზე, ოღონდ ეს როგორ იქნება, ამას მერე გეტყვით. აქ იყო კახა კუჭავა, დავით ზილფიმიანი, ასევე გუშინ შემოიარა „ოცნების“ ერთმა წარმომადგენელმა, უბრალოდ, არ ვიცი, მას სურს თუ არა, რომ ეს ვთქვა საჯაროდ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ამასთან, ელენე ხოშტარიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მინისტრი ამბობს, რომ „მიხეილ სააკაშვილი ფაფებს, ნატურალურ წვენებს ახლაც ღებულობს და ამას ამყარებს მტკიცებულებები“.
„შიმშილობის ფორმა არის ბევრნაირი. როდესაც ებრძვი ხელისუფლებას, რომელიც არ ახდენს რეაგირებას შიმშილობაზე, არ უზრუნველყოფს მკურნალობას, ძალიან მნიშვნელოვანი არის პროტესტის გაგრძელებისთვის იმ შემთხვევაში, რაც არის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული, რაღაც დანამატებისა და ვიტამინების მიღება, ეს არის ძალიან სწორი. სხვა შემთხვევაში, ის ცოცხალი ახლა ნამდვილად არ იქნებოდა. ასეთი ფორმა მიღებულია მთელ მსოფლიოში, ეს ახანგრძლივებს შიმშილობის პროცესს. ამ პროპაგანდის წარმოება, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს – როდესაც ექიმები ამბობენ, რომ მის ჯანმრთელობას აქვს პრობლემა, ეს არის ძალიან დიდი სიბინძურე. მე შიგნით არ ვარ ციხეში, არ ვიცი, მე ვიცი, რომ მის ჯანმრთელობას აქვს პრობლემა. წარმოდგენა არ მაქვს, იღებს თუ არა ფაფებს, ოღონდ დანამატების მიღება არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ფორმა, უბრალოდ, ამას ცოდნა უნდა. შიმშილობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. მშრალიდან დაწყებული, გარკვეული დანამატების მიღების. როცა ციხეში ხარ, უნდა გაახანგრძლივო პროცესი. რასაც ლაპარაკობენ, კუჭის ოპერაცია და რაღაც, არის სიბინძურე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.