ელენე ხოშტარია - „ქართული ოცნების“ დეპუტატები დემოკრატიობანას თამაშის გარეშე, მორჩილად ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ყველანაირი დემოკრატიობანას თამაშის გარეშე, მორჩილად ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დადგენილების პროექტში ძალის შესაძლო გადამეტებაზე საუბრობს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები, ყველანაირი დემოკრატიობანას თამაშის გარეშე, მორჩილად, ერთხმად ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას, არღვევენ კანონს და მორალურ საზღვრებს, რადგან დადგენილებაში, მას შემდეგ, რაც თვალები აქვს ხალხს დათხრილი, „ოცნება“ საუბრობს ძალის შესაძლო გადამეტებაზე. ძალის გადამეტების ფაქტები, რომელიც პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა, მათთვის არაფერს ნიშნავს. ივანიშვილს დღეს უნდა, მოიგონოს გადატრიალების ვერსია და „ოცნება“ მორჩილად არეგისტრირებს ამ დადგენილებას. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, პროკურატურამაც ეს ვერსია შეთხზა, დეპუტატებიც ამას თხზავენ“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
დეპუტატის შეფასებით, ამით „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ პროტესტს არა თუ ვერ ჩაახშობს, არამედ ღრმა კრიზისს მიიღებს.
„სამწუხაროდ, დღეს პარლამენტი გადაიქცა ღიად ივანიშვილის დაკვეთებისა და შეთხზვის ადგილად, ოღონდ ეს მათ არაფერს უშველის, რაც არ უნდა მოიგონო, ლამის ის, რომ გავრილოვი ოპოზიციამ ჩამოიყვანა, აბსოლუტურად ცხადია, რომ ამით ისინი საზოგადოებრივ პროტესტს არა თუ ვერ ჩაახშობენ, ამით ღრმა კრიზისს მიიღებენ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.
ამასთან, მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს დარეგისტრირებული რეზოლუცია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის შესახებ.
„ჩვენ გვაქვს დარეგისტირებული გახარიას პასუხისმგებლობის რეზოლუცია, ის არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი მომხდარზე. პირველივე სხდომაზე ჩვენ ეს დავარეგისტრირეთ და მივიღეთ ფიზიკური შეურაცხყოფაც. მათ დღეს პარლამენტი უბრალოდ ივანიშვილის დაჯგუფების ადგილად აქციეს. ცხადია, იქ არანაირი რეზოლუციის მიღება არ გამოვა გარდა, „ქართული ოცნების“ დადგენილებისა“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
საპარლამენტო უმრავლესობამ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტი შეიმუშავა და დაარეგისტრირა. დადგენილების პროექტი 10 პუნქტიანია.
ამასთან, დადგენილების პროექტი მოამზადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასების, მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენისა და „გავრილოვის სიის“ შედგენის შესახებ. დადგენილების პროექტი ხუთ პუნქტიანია.