საპარლამენტო უმრავლესობამ 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა
საპარლამენტო უმრავლესობამ 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარედ განვითარებული მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა

საპარლამენტო უმრავლესობამ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტი შეიმუშავა და დაარეგისტრირა.

პროექტის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.

დადგენილების პროექტი 10 პუნქტიანია.

დადგენილების პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას და მის ძირითად პრინციპებს, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, აცხადებს, რომ:

1. საქართველოს კონსტიტუციური წესწყობილების დაცვა და პატივისცემა საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია;

2. ხელისუფლების მიერ აზრის, მისი მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი;

3. ხელისუფლებამ 2019 წლის 20 და 21 ივნისს მაქსიმალურად უზრუნველყო აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;

4. ცალკეული პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული აქტის განსახორციელებლად, უხეშად ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ისე, პოლიტიკის მორალურ პრინციპებს;

5. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც მას წინ უსწრებს ცალკეული პოლიტიკოსების სისტემატური საჯარო მოწოდებები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის შესახებ;

6. საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად უნდა იქნეს განხილული საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სახელმწიფო მმართველობის სისტემის ცენტრალური ორგანოს – საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რომელიც წარმოშობს უშუალო საშიშროებას, როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი, ისე ცალკეული მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის, რაც დადასტურდა კიდეც 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებით;

7. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო, საზოგადოებრივ და მოქალაქეთა უსაფრთხოებას, საჭიროებს სათანადო რეაგირებასა და გამოძიებას სახელმწიფოს მხრიდან, სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად;

8. ძალადობრივი ქმედებების და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საპასუხოდ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური;

9. ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის დროს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევები აუცილებლად მოითხოვს ხელისუფლებისგან სათანადო რეაგირებას;

10. მისასალმებელია საქართველოს სახალხო დამცველის მონაწილეობა მიმდინარე გამოძიების პროცესში, რაც მის გამჭვირვალობასა და სანდოობას შეუწყობს ხელს.

დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შესაბამის ორგანოს, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართოს 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად, კერძოდ, ყოველმხრივ, სრულად, დროულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს: საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობის ფაქტი, მასთან დაკავშირებული ძალადობრივი ქმედებები და გამოავლინოს ორგანიზატორები და მონაწილეები; სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, მათ მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო შემთხვევები და გამოავლინოს შესაბამისი პირები.

დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიიჩნევს ზემოაღნიშნული გამოძიების დროულად დასრულებას და გამოძიების შედეგების გათვალისწინებით, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას.

დატოვე კომენტარი