ელენე ხოშტარია - პროტესტი უნდა გავაგრძელოთ გააზრებულად, ამოცანად გვრჩება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, არ უნდა დავნებდეთ
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი გონივრულად, გააზრებულად. დღეს საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ პროტესტზე გამოსვლა არის ის, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ ცვლილებისთვის ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროტესტის ფორმა სხვადასხვანაირი იქნება.
„დიდი მადლობა ნიკა მელიას, ხატია დეკანოიძეს, კოალიციას, ყველას, ვინც გუშინ იბრძოდა, რომ ჩვენ არ წამოვეგეთ პროვოკაციას და ძალიან დიდი საფრთხე ავირიდეთ ისევ ოპოზიციის დამსახურებით, არ მოხდა გლდანში გადანაცვლება. ემოციურად მოსალოდნელი იყო და ეს უნდოდა ხელისუფლებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი ძალიან გონივრულად, გააზრებულად და დღეს საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ პროტესტზე გამოსვლა არის ის, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ ცვლილებისთვის ამ ქვეყანაში. პროტესტის ფორმა სხვადასხვანაირი იქნება. ახლა აუცილებლად იქნება ხალხმრავალიც და წერტილოვანიც“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
როგორც ხოშტარია ამბობს, არ უნდა დანებდნენ და იბრძოლონ, რათა მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
„მეორე ამოცანა გვრჩება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. ჩვენ აქ არ უნდა დავნებდეთ. მათ რომ მოუწყვეს შურისძიების აქტი, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ამას ვეგუებით. მეც, მთელი ოპოზიცია, იგივე ომბუდსმენიც ამაზე საუბრობს, საერთაშორისო ინსტიტუტები. უნდა გავაგრძელოთ და ვიბრძოლოთ, რათა მივაღწიოთ იმ გადარჩენის წერტილს, რაც არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. ამიტომ ეს ამოცანა გვრჩება, გადავიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში. რა თქმა უნდა, შემდეგ გავაგრძელოთ ბრძოლა სხვა უსამართლობისა და პრობლემის წინააღმდეგ.
მე შიმშილობის მწვავე ფორმა იმ დღესვე ავირჩიე, მაგალითად, მინერალური წყლები ამოვიღე მაშინვე, როგორც კი ხელისუფლების რეაქცია იყო, უბრალოდ ამაზე არ გამიკეთებია განცხადება. ანუ ის ფორმა შიმშილობის, რომელიც მაქვს არჩეული, არის მხოლოდ წყალი და არანაირი მინერალები. ძალიან კარგად განვმარტე, ყველა შიმშილობას აქვს თავის სტრატეგია. შიმშილობა, რა თქმა უნდა, არ არის თვითმკვლელობა და დღეს სიკვდილი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის საჩუქარი. მე სწორედ ამიტომ ვამბობ, რადგან ჩვენ გვაქვს კიდევ გარკვეული დრო საბრძოლველი, ამიტომ თუ სიცოცხლის პარამეტრები კონკრეტული ანალიზებით იქნება საფრთხეში, მივიღებ მედიკამენტებს, მაგრამ შიმშილობის ფორმის შერბილებას, მათ შორის ბორჯომის მიღებას ან რაიმე დანამატების მიღებას არ ვაპირებ და ამ მკაცრი შიმშილობის ფორმას ვაგრძელებ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.