ელენე ხოშტარია - პროკურატურის პრობლემაა, რომ გამოძიებასთან მხოლოდ ოთხმა ადამიანმა ითანამშრომლა
ელენე ხოშტარია - პროკურატურის პრობლემაა, რომ გამოძიებასთან მხოლოდ ოთხმა ადამიანმა ითანამშრომლა

პროკურატურის პრობლემაა ის, რომ გამოძიებასთან მხოლოდ ოთხმა ადამიანმა ითანამშრომლა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ეს პროკურატურის პრობლემაა, რადგან გამოძიება ვერ მოახერხეს, მაგრამ მოწმეებზე არავინ ლაპარაკობს და ისმის კონკრეტული კითხვა, ორი ადამიანის გარდა, კითხვის ნიშანი არავის მიმართ რატომ არ არის?! იმიტომ, რომ მირზა სუბელიანის ნათესავია?! ამდენი ხანი ეს კითხვა ტრიალებდა და ზაზა სარალიძე წყობიდან ამან გამოიყვანა, რადგან დაინახა, რომ სახელმწიფო კონკრეტულ მონაწილეებს ხელს აფარებს. ეს ხომ ქალაქის ცენტრში მოხდა და ყველამ იხილა?! ეს 36-ჭრილობამიყენებული, საზარელი მკვლელობა იყო და ვინმეს ჰგონია, ოჯახს მოატყუებს, რომ ამაში მონაწილე სულ ორი ადამიანია?!“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ამ განცხადებით ელენე ხოშტარიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა მოხდეს გამოძიება საზოგადოებაში, როდესაც ჩვენების მიცემა ფაქტობრივად, არავის სურს, რადგან როგორც შოთაძე განცხადებაში წერს, დაახლოებით 100 ადამიანიდან გამოძიებასთან მხოლოდ ოთხმა ითანამშრომლა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ამ საქმეში უამრავი მონაწილეა, მაგრამ მათ მიმართ კითხვაც არ ჩნდება და საერთოდ, ბრალდებულიც არ არის.

„არავინ ამბობს, რომ მათ მიმართ კანონი დაირღვეს. არსებობს კანონი, ბრალდება, გამოძიება და სახელმწიფომ კეთილი ინებოს, პასუხი გასცეს კითხვას, თუ ვინ მოკლა ამ ადამიანის შვილი. აქ უკვე საუბარი მარტო იმის გამოძიებაზე აღარ არის, თუ ვინ მოკლა კონკრეტულად სარალიძე. საუბარია პასუხის გაცემაზე, ვინ გაბედა და ამ მკვლელობას ხელი ასე უტიფრად ვინ დააფარა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.