ელენე ხოშტარია - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი აგრესიულობით ხელს უწყობს და ახარებს „ქართულ ოცნებას“
მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ არაფერი გვაკლდება მათი თავდასხმებით, მაგრამ ამით ისინი აძლიერებენ „ქართულ ოცნებას“, ამიტომ კარგად დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
„გუშინ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატისგან, გრიგოლ ვაშაძისგან მოვისმინეთ მორიგი ტალახის სროლა „ევროპული საქართველოს“ მიმართ, რაც, მინდა გითხრათ, არ არის ახალი. მათ „ევროპის სახალხო პარტიასთან“ მემორანდუმის ხელმოწერის დღესვე და მეორე დღიდანვე დაიწყეს ამ ხელშეკრულების დარღვევა. სამწუხაროდ, მათ უბრალოდ სტრატეგია ჰქონდათ ოპოზიციური ძალის, „ევროპული საქართველოს“ დაზიანებისა და დასუსტების. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვებრძოდნენ ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებული იყვნენ ხელისუფლებასთან ბრძოლაზე. ეს არ არის ახალი, ზოგადად მათი სტილია განსხვავებულ აზრზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი ბრალდებების სროლა“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები „ქართული ოცნების“ ხელშეწყობაა.
„ხაზი მინდა გავუსვა, რომ მათი ქმედებებით, როგორც ოპოზიციასთან ბრძოლით, ასევე მათი აგრესიული გამოსვლებით, როცა ვხედავთ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უბრაზდება ხალხს ნაცვლად იმისა, რომ გააზრებული ჰქონდეს ჩვენი შეცდომები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ვხედავთ სრულ პოპულიზმს და ასეთ აგრესიულ სატელევიზიო გამოსვლებს, ეს არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ და მათი ხელისუფლების გახანგრძლივების ხელშეწყობა. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ესმის და თავისი აგრესიულობითა და პოპულიზმით პირდაპირ ხელს უწყობს და ახარებს „ქართულ ოცნებას“. მე მოვუწოდებ მათ, ჩვენ არაფერი გვაკლდება მათი თავდასხმებით, მაგრამ ისინი ამით აძლიერებენ „ქართულ ოცნებას“, ამიტომ კარგად დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.