ელენე ხოშტარია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას და 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს მოინახულებს
„ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა. როგორც ხოშტარიამ განაცხადა, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრ კობა კოშაძისა და 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების მონახულებას აპირებს.
ხოშტარია მიიჩნევს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით, უკანონოდ არიან დაკავებული.
ხოშტარიას თქმით, გიორგი რურუასა და დანარჩენ დაკავებულებს ოპოზიციის გეგმებს გააცნობს.
„ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები და ამ ადამიანების რიცხვი იზრდება. დღეს მე ვნახავ, როგორც „გავრილოვის” პატიმრებს, ასევე, ოქრუაშვილის მძღოლს, რომელსაც იარაღი ჩაუდეს, გიორგი რურუას, რომლის საქმეც არის არა უბრალოდ დარღვევებით სავსე, არამედ არის დემონსტრაციული რეპრესიების საქმე, სადაც პროკურორი და მოსამართლე არც ერთ კითხვას არ პასუხობდნენ. არ არსებობს არც ერთი დასტური იმისა, რომ მას იარაღი ჰქონდა. ეს არის მიზანმიმართული რეპრესიული გადაწყვეტილება. მიაჩნიათ, რომ აღნიშნულით მათ გააჩერეს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით რურუას მხარდაჭერა. დღეს აქციაზე მყოფ მოქალაქეებს მათ სათქმელს გადავცემ. ასევე, გადავცემ ციხეში მყოფ ამ ადამიანებს, რომ პროტესტი არათუ ნელდება, არამედ კიდევ უფრო ძლიერდება, გავაცნობთ ჩვენს გეგმებს,”-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.