ელენე ხოშტარია - მინდა გავარკვიო, როგორია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა მდგომარეობა
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია საპატიმროში შევიდა, სადაც მიმდინარე წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს მოინახულებს.
როგორც მან ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს 10 პატიმარს შეხვდება.
„ეს მხოლოდ ის 10 ადამიანია, რომლის შესახებაც შევძელი ინფორმაციის მოპოვება და კიდევ ორის შესახებ მოვიპოვე ინფორმაცია. ამ დღეებში მათაც მოვინახულებ. აქ ყველაზე მთავარია მათი ადამიანურად მონახულება და მდგომარეობის გაგება, მორალური თუ ჯანმრთელობის მხრივ. ასევე, რა აქვთ სათქმელი ოჯახისთვის. როგორც ვიცი, რამდენიმე მათგანს, გაუგებარი მიზეზების გამო, ოჯახთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, მისი თქმით, დაკავებულებს არ ხვდება როგორც რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი.
„მე აქ ვარ როგორც არა რომელიღაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. აქ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის ადამიანები არიან, არ არის პარტაქტივი, არიან მოქალაქეები და როგორც პარლამენტის წევრმა, რომელსაც შემიძლია ვნახო და დავინტერესდე მათი მდგომარეობით, გადავწყვიტე მოვინახულო და გამოვუხატო მხარდაჭერა.
ზოგადად, როგორც ვიცით, დაკავებულია 19 ადამიანი, მაგრამ ჭირს გვარების მოპოვება. დაკავებულების ოჯახებს, თუ ვინმეს ექნებოდა სურვილი სათქმელი გადამეცა, მათ მთავარი კითხვა აქვთ, როგორია დაკავებულების მდგომარეობა. მინდა გავარკვიო, როგორია ამ ადამიანების მდგომარეობა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დაკავებულებს გლდანის ციხეში მოინახულებს.