ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ სუს-მა და პროკურატურამ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყონ
აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ, ირმა ინაშვილმა და „პატრიოტთა ალიანსმა“ კრემლის მხრიდან მიიღეს კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა უპასუხონ ბრალდებებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, კრემლი საქართველოში საარჩევნო პროცესში ერევა.
„მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია კრემლის მხრიდან საქართველოში საარჩევნო პროცესში ჩარევის შესახებ, რომელიც დამატებით გუშინ საღამოს გამოქვეყნდა. „დოსიეს“ ანგარიშის ამ მეორე ნაწილში მოყვანილია კონკრეტული იმეილ მიმოწერა. მსჯელობა „პატრიოტთა ალიანსის“ კამპანიის ბევრ კონკრეტულ ასპექტზე, როგორიც არის მათი სლოგანები, ბანერები და მესიჯები, რაზეც მათ უნდა ისაუბრონ. მაგრამ, გარდა ამ ფაქტებისა, დღეს მინდა, გავამახვილო ყურადღება იმ ძალიან კონკრეტულ შემთხვევებზე, რომელიც მოცემულ ინსტრუქციებსა და ჩვენი ყურით მოსმენილ რეალობას შორისაა.
მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილი და „პატრიოტთა ალიანსი“ აფხაზეთში წავიდნენ და ამან საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია, ირმა ინაშვილმა და „პატრიოტთა ალაიანსმა“ მიიღო კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა უპასუხოს ამ ბრალდებებს. ამ ინსტრუქციაში არის მოყვანილი ფრაზები იმის შესახებ, რომ მათი ვიზიტის მიზანი იყო კერძო. უნდა თქვან, რომ ჩავიდნენ ახლობლებთან და ემსახურებოდა ფერიცვალებასთან დაკავშირებით ილორის ხატის ჩატანას.
ზუსტად 25 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ქალბატონმა ირმამ ეს ინსტრუქცია მიიღო, ჩვენ მის ბრიფინგში ზუსტად ანალოგიურ ფრაზებს ვკითხულობთ, რომ ეს არის კერძო ხასიათის ვიზიტი და ჩვენ ჩავაბრძანეთ ღვთისმშობლის ხატი ილორის ტაძარში. დამთხვევა ძალიან ცალსახაა. იდენტური სიტყვებით ლაპარაკობს ირმა ინაშვილი. ასევე, ამ ინსტრუქციებში საუბარია ნეიტრალიტეტის ხაზგასმის და ხშირად ხსენების აუცილებლობაზე. ასევე, 26 აგვისტოს ირმა ინაშვილი ასრულებს ამ ინსტრუქციას და საუბრობს ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას თქმით, შექმნილ ვითარებაში პრობლემას წარმოადგენს ის, თუ როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევაზე.
„ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არ არის ირმა ინაშვილში. ირმა ინაშვილები ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი ჰყოლია. პრობლემა არის, როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენს საარჩევნო პროცესში ჩარევაზე. ეს რეაგირება დღეს არის წარმოუდგენლად სუსტი. ჩვენ გვესმის ვოლსკისგან საუბარი, თითქოს ეს რაღაც ფურცლებია და ფურცლების გამო, რეაგირება არასერიოზულია. ასევე, მხოლოდ აუდიტის სამსახურის ჩარევა, უბრალოდ წარმოუდგენელია, მათ მანდატი ეყოთ, გამოიძიონ ეროვნული უსაფრთხიების ეს საკითხი. ამიტომ ჩვენ, სახელმწიფო ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და სუს-მა და პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება უცხო, მტრული ქვეყნის, ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევის ფაქტზე, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი კომპონენტი.
ეს შეიძლება იყოს შპიონაჟი, ეს არის მტრული სახელმწიფოსთვის და მისი ორგანიზაციებისთვის ხელშეწყობა მტრულ საქმიანობაში, ფინანსური რესურსების მიღება, შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა. ჩვენი ყველას ამოცანაა, მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება. ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რუსეთის ამოცანაა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სწორედ სახელმწიფის ვალია, მათ ხელი შეუშალონ ამ ამოცანის შესრულებაში. სხვა შემთხვევაში, ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.