ელენე ხოშტარია - კოალიციის პირობები თუ შეიცვლება და მათ შორის ხალხი გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს და არა მელია, მაშინ მე ამ პროცესის მონაწილე არ ვიქნები, ვიქნები ოპოზიციაში
კოალიციური კონფიგურაცია თუ იშლება, მაშინ მე ამის წინააღმდეგ ვიქნები, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი კოალიციური შეთანხმება უკვე არსებობს. ეს არ არის თეორიული, სამომავლო საუბარი. მიუხედავად იმისა, ამ კოალიციაში მე ორი თუ სამი პროცენტი მაქვს, თუ სხვას რამდენი აქვს, ეს კოალიციური შეთანხმება შედგა. შედგა ისე, რომ მიუხედავად იმისა, უმრავლესობა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ , სრული დომინაცია მაინც არ აქვს. ეს კოალიციური შეთანხმება შედგა „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან, რომლის ხედვა არის აბსოლუტურად მყარი რწმენა კოალიციაში. ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას თანამდებობა არ უნდა“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ამ მოცემულობაში ის კოალიციაშია.
„მე რისიც მჯერა, იმაზე ვლაპარაკობ. ამ კონკრეტულ მოცემულობაში, მე ვარ კოალიციაში. თუ პირობები შეიცვლება და მათ შორის, ხალხი გადაწყვეტს, რომ არა, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს და არა მელია, ან არა, ვინმე სხვა, მაშინ მე ამ პროცესის მონაწილე არ ვიქნები. მე ვიქნები ოპოზიციაში. ვიქნები წინააღმდეგი ასეთი განვითარების. დღეს, მე რასაც ხელს ვაწერ, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს არის ნიკა მელიას თავმჯდომარეობით კოალიციაში ყოფნა და იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას თანამდებობა არ უნდა. ეს მოცემულობა თუ შეიცვლება, რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება იფიქროს, რომ მერე მას გადაუნდება. მეტიც – მე არ განვსაზღვრავ მაგას. მე ხელს ვუწყობ იმ კონფიგურაციას, რომელშიც ვმონაწილეობ. ეგრე, მიხეილ სააკაშვილი რომ ციხიდან გამოვიდეს, მაგითაც ხელს ვუწყობ, მაგრამ უსამართლობის ხარჯზე მე არ მინდა, ეს ხდებოდეს. მე ვამბობ, სად იცვლება ჩემი პოზიცია და სადამდე არის. მიხეილ სააკაშვილის მობრუნება რომ არ მინდა, ამას მე არ განვსაზღვრავ, ხალხი განსაზღვრავს. მინდა, გითხრათ, რომ თუ „ქართული ოცნება“ ასე გააგრძელებს, სხვათა შორის, უფრო და უფრო გაიზრდება ამ პოლარიზაციის შანსი. ამიტომ მე ასევე და კიდევ უფრო არ მინდა „ქართული ოცნების“ ახლა ხელისუფლებაში ყოფნა. პრიორიტეტებს განსაზღვრავს ხომ ადამიანი? სხვანაირად ვერ მოხდება. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის გარეშე, „ქართული ოცნების“ დამარცხება არ ხდება. უპირველესი ამოცანაა ამ რაღაც ბანდიტური მოქმედებების გაჩერება, რაც ხელისუფლების მხრიდანაა. ოღონდ მე ვაცხადებ, რომ თუ ეს კოალიციური კონფიგურაცია იშლება, მაშინ მე ამის წინააღმდეგ ვიქნები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.