ელენე ხოშტარია - რასაც ვაკეთებ, არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს პოლიტიკურ სიმპატიებთან, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მხარდამჭერი არ ვიყავი და არ ვარ, მიმაჩნია, რომ მისი მმართველობის მობრუნება არ უნდა მოხდეს
ქვეყანაში არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი და არც ერთი პოლიტიკოსი არ უნდა არსებობდეს, რომელსაც აქვს იმუნიტეტი მართლმსაჯულების სისტემისგან, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიმართ მთავრობის საქციელი შურისძიებაა.
„ყველა უნდა წარდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე, მით უმეტეს, ადამიანის უფლებების გათელვის ფაქტები ნამდვილად იყო ცხრა წლის წინ და არის ამ ცხრა წელში. ამიტომ, სასამართლოს წინაშე ყველა უნდა წარდგეს, ოღონდ, ზუსტად ასევე ვიცი ის, რომ დღეს რაც ხდება, არ არის მართლმსაჯულება. ის მუხლი, რაც სამართლებრივად მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, არის სამართლებრივად სრულიად გაუმართავი. საქციელი, როგორც მის მიმართ მთავრობა იქცევა, არის მხოლოდ შურისძიება. ის მოსამართლეები, რომელიც ამას აკეთებენ, მინიმუმ, მონაწილეები არიან თანამონაწილეები ტრაგედიებისა და დანაშაულებისა, რაც იყო. ამიტომ, ახლა რაც ხდება, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის პოლიტიკური შურისძიება, რაც ქვეყანას ანგრევს ვის მიმართაც არ უნდა იყოს“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ამასთან, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების კომენტარები იმას ემსახურება, რომ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნონ, რადგან, რეალობას ძალიან კარგად ხედავენ.
ხოშტარიას თქმით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და რისკები, რამაც შეიძლება დიდი საფრთხეები გამოიწვიოს, აბსოლუტურად დაუშვებელია.
„რაც შეეხება სოლიდარობას იმ ადამიანების უფლებებისა, ვისი უფლებაც იყო გათელილი, სხვათა შორის, მაშინ, როცა მათი უფლებებისთვის ვიბრძოდი, ეს ადამიანები საპირისპირო მხარეს იყვნენ, მათი უმეტესობა, ამიტომ, მათგან ამ შენიშვნებს ვერ მივიღებ. ამასთან, თუ მიხეილ სააკაშვილისა და წინა ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი ადამიანის მიმართ რაიმე კითხვები არსებობს, ეს უნდა განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ, სამწუხაროდ, ბევრი მსხვერპლი დაგროვდა ამ ხელისუფლებაშიც. ვინ როგორი ცუდიც არ უნდა იყოს მოსახლეობის აზრით, ვიღაცის აზრით, ამ ქვეყანაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება ყველას აქვს. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან თამაში ეს არის არა მხოლოდ მისი პერსონალური საქმე, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის ცეცხლთან თამაში. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პოზიცია ვის მოვწონვარ, ვის არა, ვინ მიწონებს და არა ამ საკითხებს, ეს მათი საქმეა, მათი უფლებაა, რაც უნდათ, ის შეუძლიათ თქვან, მაგრამ პრეზიდენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, შიმშილობასთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილება უცვლელია.
„ჩემს შემთხვევაში, პოლიტიკურ პოზიციებში არაფერი შეცვლილა – მისი ჩამოსვლა უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი და რყევა არ უნდა გამოეწვია. ასევე, მისი პოლიტიკური მხარდამჭერი არ ვიყავი და არ ვარ, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა, ეს არ არის ჩემი პერსონალური მოწონება-არმოწონების საკითხი. მან ეს პირადად იცის, მე მის მიმართ მქონია პრეტენზიები და მაქვს. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ იმ მმართველობის მობრუნება რაც იყო, არ უნდა მოხდეს, ღრმად მჯერა კოალიციური მმართველობის. ამიტომ, რასაც ვაკეთებ, არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს პოლიტიკურ სიმპატიებთან. ვინც არ უნდა იყოს, მის ადგილას ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა და რისკები, რამაც შეიძლება დიდი საფრთხეები გამოიწვიოს, არის აბსოლუტურად დაუშვებელი და ჩემი პროტესტის საგანი ეს არის. ამიტომ, ჩემს პოზიციაში არაფერი შეცვლილა, არც არჩევნებამდე, არც მას შემდეგ. ეს არ არის პოლიტიკური თამაში, ეს არის პრინციპული საკითხი“, – განაცხადა ხოშტარიამ.