ელენე ხოშტარია - ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ვინმე გეგმავდა ჩემს მოწამვლას, მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს
ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ვინმე გეგმავდა ჩემს მოწამვლას, გარდა იმისა, რომ მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე, – ასე გამოეხმაურა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.
ელენე ხოშტარიას თქმით, მის და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ერთადერთი არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ხოშტარიას განცხადებით, ზუსტად ერთ წამში შეუძლია, გადაწყვიტოს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა.
„მინდა, ირაკლი კობახიძის აბსურდულ განცხადებას გამოვეხმაურო, თითქოს ვინმე გეგმავდა ჩემს მოწამვლას. გარდა იმისა, რომ ეს მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის და ასევე ჩემს ჯანმრთელობაზე არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლია, გადაწყვიტოს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა. ომბუდსმენს ვციტირებ და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა. ამიტომ, ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე ან მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან, ან აქცენტებისა და ყურადღების გადატანა არ გამოუვათ. ერთადერთი, რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილისა და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მეტს მე ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია. მისივე თქმით, მათთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.