ელენე ხოშტარია - გიორგი მამალაძემ მითხრა, რომ აპირებს ბრძოლას, ეკუთვნის გარეთ ყოფნა და ეს მის წინააღმდეგ შეკერილი საქმეა
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მდგომარეობა საკმაოდ რთულია.
როგორც ხოშტარიამ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გაუგებარია, რატომ გადაიყვანეს დეკანოზი ღუდუშაურის კლინიკიდან.
„როგორც ვიზუალურად ვნახე, წართმეული აქვს მარჯვენა მხარე, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. თავად მითხრა, რომ ღუდუშაურიდან გადმოყვანა ძალიან საეჭვოდ მოხდა და არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო მისი, ასევე, მკურნალი ექიმის ნების წინააღმდეგ. გაუგებარია, რატომ გადმოიყვანეს და მოაცილეს იქაურობას. რაც მთავარია, ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ დარღვევებზე, რაც არის საქმეში: როგორ იქცეოდა პროკურატურა, როგორც არ კეთებოდა ექსპერტიზები და როგორ ცალსახად ჩანდა ინტერესი იმისა, რომ ადამიანი გაჭყლეტილიყო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კითხვაზე, ხომ არ უსაუბრია გიორგი მამალაძეს მასთან შეწყალების შესახებ, დეპუტატის თქმით, დეკანოზმა თქვა, რომ ბრძოლას აპირებს.
„მან მითხრა, რომ აპირებს ბრძოლას და მესაუბრა დარღვევებზე, რაც მის მიმართ იყო. ფაქტია, ეს ადამიანი ამბობს, რომ მას ეკუთვნის გარეთ ყოფნა და ეს არის მის წინააღმდეგ შეკერილი საქმე. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შეწყალება. პრეზიდენტი რომ თვითონ არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ეს ძალიან კარგად ჩანს, რადგან ის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს, მაგრამ აუცილებლად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რადგან გიორგი მამალაძე არის ციხეში უსამართლოდ მომწყვდეული, საშინელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დეპუტატმა დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მოინახულა, სადაც ის რამდენიმე დღის წინ ღუდუშაურის კლინიკიდან გადაიყვანეს.