ელენე ხოშტარია - გიგი უგულავას განცხადება კატასტროფა იყო და ვგმობ, გამიხარდა, რომ ბოდიში მოიხადა
უგულავას განცხადებას ვგმობ და არ ვეთანხმები. გამიხარდა, რომ ამაზე ბოდიში მოიხადა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისივე თქმით, განცხადებების დროს ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს.
„გიგი უგულავას განცხადება კატასტროფა იყო. თუ არ ვცდები, მან ბოდიში მოიხადა. თუმცა მე ყველას, ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ჩემი კოლეგა იქნება, ოპოზიციონერი თუ ვინც უნდა იყოს, რომ დღეს ჩვენს ყველა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა აბსოლუტურად ისტერიული და არანორმალური სიტუაცია. ამიტომ ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება.
უგულავას განცხადებას ვგმობ და არ ვეთანხმები. გამიხარდა, რომ ამაზე ბოდიში მოიხადა. ყველა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. საერთოდ, კომენტარიც კი არ მინდა იმაზე, რომ არ არსებობს საქართველოში ვინმეს ბავშვი და ოჯახის წევრი, რომელსაც გარკვეული სახით რაიმე უნდა ეხებოდეს. არც ერთი ადამიანი არ არსებობს – დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან, წულუკიანით გაგრძელებული, ვის ჯანმრთელობასაც რაიმე უმცირესი ზიანი მაინც მიადგეს. აღარ ვლაპარაკობ ოჯახის წევრებზე. ასეთი განცხადებების გაკეთება არაფრით არ შეიძლება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ გუშინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ყველა, ვინც აქ დგახართ, ვინც უმოქმედოდ ხართ, ყველა, ვინც უკანონოდ აკავებთ აქტივისტებს, რადგან გეშინიათ მათი, ყველას ხელებზეა ის სისხლი და უსინდისობა. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ საუკუნეში, ეს აღარ არის ის დრო, რომ მე ვინ დამინახავს. ტყუილად გგონიათ, რომ „კოვიდის“ ნიღბები გადაგარჩენთ. ციფრული საუკუნე ნიშნავს ერთ რაღაცას – თქვენი, ყველას სახელები და გვარები იქნება ონლაინ გამოქვეყნებული. აი, იმ ვიღაცა „მოხვედი ჩიტოს“ რომ იძახის, აი, იმ ვიღაც ორდენიძის, მე ძალიან არ მიყვარს, საქმეში გავრიო ოჯახი და ბავშვები, მაგრამ ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, უნდა იცოდნენ მისი შვილის მეგობრებმა და კლასელებმა, რომ მამა ჰყავს ჯალათი. ყველა ბოძზე უნდა გამოვაკრათ ასეთი ჯალათები“.