ელენე ხოშტარია - ერთი სპეცრაზმელის დაკავება ერთ პოლიციელზე ჯოხის გადატეხვას ჰგავს
ერთი სპეცრაზმელის დაკავება ერთ პოლიციელზე ჯოხის გადატეხვას ჰგავს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ცხადია, რომ უკვე 26 დღის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ არანაირი ნება არ გამოუვლენია იმის, რომ რეალურად პასუხისმგებლობა იმაზე აიღოს, რაც მოხდა. ხელისუფლება პასუხისმგებლობიდან გაქცევის უტიფარ ხაზს აგრძელებს. ერთი სპეცრაზმელის დაკავება ეს ერთ პოლიციელზე ჯოხის გადატეხვას ჰგავს. აქ პირველ რიგში გახარიას გადადგომის მოთხივნაა და ამ საკითხის რეალურად შესწავლა. ამის პოლიტიკური ნება „ქართულ ოცნებას“ არ ეტყობა. ეს აქციები გაგრძელდება. აქციების სხვადასხვა ფორმაა ხალხმრავალი, უფრო მცირე, ძალიან კრეატიული და შინაარსობრივად დატვირთული. ხან გამოფენაა და ხან რაღაც კონცეფტუალური ბაზრობა. აქ ადამიანების განწყობა ძალიან მტკიცეა, რადგან ეს სამართლიანი მოთხოვნაა. ეს აქცია იქამდე არ დაიშლება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ“,- აღნიშნა ხოშტარიამ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს.