ელენე ხოშტარია - ენერგიას არ ვიშურებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის შესახებ შეთანხმება შედგეს
პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ენერგიას არ იშურებენ, რათა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის შესახებ პარლამენტში შეთანხმება შედგეს.
ელენე ხოშტარიას თქმით, დღეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, სანქციები შემოვიდეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საქმეებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განსხვავებული ხედვა გვაქვს, როგორ უნდა წარიმართოს საგარეო პოლიტიკა რუსეთთან, ჩვენ ამაზე სულ ვაკრიტიკებდით „ქართულ ოცნებას“ და ეს პოზიციები არც შეცვლილა, აქ მთავარია საკითხები, რაშიც შეგვიძლია შევთანხმდეთ.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, სანქციები შემოვიდეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საქმეებზე. თუ ამას ხელისუფლება დათანხმდა, რა თქმა უნდა, ქვეყნიდან იქნება ძალიან მძლავრი გზავნილი, რომ პარლამენტი ერთიანად, სხვადასხვა დაპირისპირებული პარტიები ამაზე თანხმდებიან.
ამიტომ, ჩვენ ენერგიას არ ვიშურებთ, რომ ეს შეთანხმება შედგეს. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, გადადოს რაღაცები გვერდზე და ერთობლივ რეზოლუციას, სადაც იქნება სანქცირება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის, უნდა დათანხმდეს და ველოდებით ამ შედეგს.
მე ვფიქრობ, აზრი იმისა, რომ პარლამენტმა ერთობლივად მიიღოს რეზოლუცია, „ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგად უნდა ესმოდეს და მიუხედავად იმ პრინციპული განსხვავებისა, რომელიც გამოჩნდა პრემიერის მიმართვაში, ვიმედოვნებ, პარლამენტი ამის მნიშვნელობას მიხვდება და ერთობლივ რეზოლუციას მივიღებთ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ერთობლივი რეზოლუციის მიღებას გეგმავს.