ელენე ხოშტარია - ძალიან მნიშვნელოვანია დვალის და აქიმიძის პოზიცია, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს, რომ იბრძოლებენ თავისუფალი მედიისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დღეს ძალიან პრინციპული, მკაფიო და ღია პოზიცია დაიკავეს იმასთან დაკავშირებით, რომ რაც ხდება „რუსთავი2“-ში, ეს არის თავისუფალი მედიის დანგრევა, მასში შეღწევა და ქვეყნის დემოკრატიის პრობლემა, – ამის შესახებ დვალსა და აქიმიძესთან პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ სურს, „რუსთავი 2“ იყოს იმ ადამიანების ხელში, რომლებიც კრიტიკული მედიის აუცილებლობაზე საუბრობენ.
„აბსოლუტურად ცხადია, ხელისუფლებას არ ჰქონდა იმ სამართლებრივი დავის გაგრძელების სურვილი, რაც დვალს და აქიმიძეს ჰქონდათ, როდესაც თავის დროზე ნამდვილად დაირღვა მათი უფლებები, რადგან ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, რომ „რუსთავი 2“ იყოს იმ ადამიანების ხელში, რომლებიც საუბრობენ კრიტიკული მედიის აუცილებლობაზე, წითელ ხაზს ავლებენ და ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლების მსახური მედია არ იქნებიან. როგორც აღმოჩნდა, ხალვაში, ადამიანი, რომელიც მაშინ იყო გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან ბინძური გარიგებებისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა ამ ბინძური გარიგებისთვის, რომ ხელში ჩაეგდო „რუსთავი 2“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დვალის და აქიმიძის პოზიცია, რომ იბრძოლებენ თავისუფალი მედიისთვის.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დვალის და აქიმიძის პოზიცია, რომლებიც არა კულუარებში შევიდნენ რაღაც გარიგებაში, არამედ ღიად დააფიქსირეს თავიანთი წითელი ხაზი, რომ ისინი იბრძოლებენ თავისუფალი მედიისთვის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.