ელენე ხოშტარია - დღეს რაც მოვისმინეთ გია ვოლსკისგან, არ განსხვავდება ინაშვილის პოზიციისგან
ელენე ხოშტარია - დღეს რაც მოვისმინეთ გია ვოლსკისგან, არ განსხვავდება ინაშვილის პოზიციისგან

დღეს რაც მოვისმინეთ ვოლსკისგან, არ განასხვავდება ინაშვილის პოზიციისგან, რუსეთის სანქცირება რომ მოხდეს დასავლეთის მხრიდან, ამის წინააღმდეგია ვოლსკი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„პატრიოტთა ალიანსი“ არის უკვე ღიად მართული „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. ადამიანებსაც კი ვიცნობ „ქართული ოცნების“ აქტივიდან, რომელსაც უგზავნიან ხოლმე შესავსებად „პატრიოტებს“, რადგან დღეს „ქართული ოცნება“ მიდის სულ უფრო და უფრო პრორუსულ ხაზზე. მაგალითად, დღეს რაც მოვისმინეთ ვოლსკისგან, არ განასხვავდება ინაშვილის პოზიციისგან. აბსოლუტურად იდენტური პოზიციაა. რუსეთის სანქცირება რომ მოხდეს დასავლეთის მხრიდან, ამის წინააღმდეგია ვოლსკი. არანაირი განსხვავება ინაშვილთან პოზიციისა არ არის. ფაქტობრივად ლუსტრაცია არის, იხსნება პირდაპირ ღიად, რომ „ქართული ოცნება“ იყენებს ამ პრორუსულ სატელიტებს, უფრო და უფრო მეტად პრორუსულ რიტორიკას“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს პრორუსულობა ღიად დააფიქსირა.

„ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება – აქამდეც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის და დასავლეთის მიმართ იყო არასწორი, მაგრამ ასე ღიად მათ ეთქვათ, რომ არ უნდათ რუსეთზე იყოს ზეწოლა ოკუპაციის გამო, ჩვენი მოქალაქეების უფლებების გამო, ეს არის ღიად პრორუსული პოზიცია. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გაბედა, ღიად დააფიქსიროს, რომ მათ არ უნდათ რუსეთის დასჯა. რაც შეეხება ტყუილებს, რაც თქვა გია ვოლსკიმ, ეს არის არათუ მოქალაქეების საფრთხეში ჩაგდება, არამედ მოქალაქეების დაცვის ერთადერთი მექანიზმი. თუ ჩვენ დასავლეთის მექანიზმს არ გამოვიყენებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთს ვეუბნებით, მოდით და იბატონეთ ჩვენს ქვეყანაში, თქვენი ეს ოკუპაცია ჩვენზე მოქმედებს და ჩვენ გავხდებით პრორუსები – ეს იყო დღეს მათი განცხადება. ამიტომ ძალიან სერიოზულ პროტესტს იმსახურებს „ქართული ოცნების“ უკვე ღიად დაფიქსირებული პრორუსული პოზიცია“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

„ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს – საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი თანამოქალაქის დასჯის შესახებ“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განხილვა დღეს, ევროინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.