ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან მიიღო უმკაცრესი წერილი, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები იყოს სრულად დაცული
გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან მიიღო უმკაცრესი წერილი, რომელიც ეხება მარტის საპროტესტო აქციებს და, კერძოდ, ძალიან მკაცრ გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები იყოს სრულად დაცული, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, ევროპელი პარტნიორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, ახალგაზრდების უფლებების დაცვას.
„ძალიან მკაცრად არის საუბარი, რომ ფიქრიც კი კანონის დაბრუნებაზე დღის წესრიგში დახურავს საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას და ამისთვის საქართველოს მთავრობა დაისჯება. ბუნებრივია, ირაკლი ღარიბაშვილი ამ წერილს არ გამოაქვეყნებდა და დამალავდა, თუმცა ჩვენ ვაქვეყნებთ და გექნებათ საშუალება, გაეცნოთ, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ მშვიდობიანი პროტესტანტების, ახალგაზრდების, ენჯეოების, არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებების დაცვას ჩვენი ევროპელი პარტნიორები“, – განაცხადა ხოშტარიამ.
გიორგი ვაშაძის თქმით, „7-9 მარტს მოხდა მშვიდობიანი მანიფესტანტების უკანონო დარბევა სამართალდამცველების მხრიდან“.
„ამ ტექსტში მოცემული არის, რომ მანიფესტანტები კი არ უნდა დაისაჯონ, არამედ ის ადამიანები, ვინც გასცა ბრძანება და ვინც დარბევა განახორციელა 7-9 მარტის მშვიდობიანი მომიტინგეების. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ ღარიბაშვილს და აბსოლუტურად ყველას, ხელი არ წაგიცდეთ არცერთ მშვიდობიან მანიფესტანტზე. ეს იქნება პირდაპირ აღქმული, როგორც შეტევა, მათ შორის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. თუ ვინმე ეიმედება დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ეიმედება სწორედ ის ახალგაზრდები, სწორედ ის ადამიანები, ვინც იდგნენ და ღირსეულად აპროტესტებდნენ საქართველოში რუსული კანონის მიღებას. ამასთან, მინდა, მკაფიოდ ვთქვა, ბოლო ორი დღის მანძილზე მიდის მასირებული ტირაჟირება, თითქოს ევროპარლამენტში ვინმემ დააინიცირა რუსული ტიპის კანონის მიღება. რა ინიციატივაზეც ევროპარლამენტში არის საუბარი, საუბარი არის რუსეთიდან მომავალ ფინანსების და საფრთხეების გაკონტროლებაზე. ამაზე არავინ წინააღმდეგი საქართველოში არ არის. არსად არ არის საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაფინანსების გაკონტროლებაზე, არსად არ არის საუბარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ან ცივილიზებული სამყაროდან რაიმე ტიპის დაფინანსების გაკონტროლებაზე. ჩვენც ვადასტურებთ, დღესაც საქართველოში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან, არსებობენ პრიმაკოვების და სხვა ტიპის ფონდები, არსებობენ ალტინფოები, რომლებიც დაფინანსებებს იღებენ რუსეთის ფედერაციიდან. დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწორედ მათ უნდა აკონტროლებდეს და ამის საკანონმდებლო ბაზა საქართველოში არის, მაგრამ ამის ნაცვლად ის ცდილობს, რომ შეატრიალოს ეს კანონი და კვლავ მოახდინოს კონტროლი სამოქალაქო სექტორის.
გამოვეხმაურები სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ახლა იყო. რა არის მიზანი „ქართული ოცნების?“ პირველი – რუსული კანონით გაეკონტროლებინა სამოქალაქო სექტორი, სასამართლო გადაწყვეტილებებით მიიტანოს შტურმი და თავდასხმა მედიაზე და ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ფორმულაა“ სამიზნე, იმ გადაწყვეტილებით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ ხუთი მილიონი დაეკისრა კეზერაშვილს. ეს ხუთი მილიონი კეზერაშვილს კი არ დაეკისრა, „ფორმულა“ უნდათ, რომ გააჩუმონ, ისევე როგორც „მთავარის“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ მიდის საქმეები. ვიცით, რომ ნიკა გვარამია ახლაც ციხეშია; მესამე – დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც უნდათ, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ. ეს არის სტრატეგია, ისიც რუსული სცენარი, რომლის განხორციელებაც უნდა ქართულ ოცნებას. ამის შესაძლებლობას ჩვენ არ მივცემთ არცერთ შემთხვევაში და საზოგადოებას ყოველთვის მივაწვდით რეალურ ინფორმაციას“, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის და ელენე ხოშტარიას მიერ გამოქვეყნებულ წერილს ხელს აწერენ ევროპარლამენტარები – ვლად გიორგე და კარენ მელქიორი.