ელენე ხოშტარია - ჩვენ არა მხოლოდ ექსპერტებზე, არამედ ყველა დაკითხვასა და ყველა გადაწყვეტილებაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას 
ელენე ხოშტარია - ჩვენ არა მხოლოდ ექსპერტებზე, არამედ ყველა დაკითხვასა და ყველა გადაწყვეტილებაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას 

ჩვენ არა მხოლოდ ექსპერტებზე, არამედ ყველა ნაბიჯზე, ყველა დაკითხვასა და ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომელსაც ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მიიღებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა  ელენე  ხოშტარიამ განუცხადა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას მოწოდებას გამოეხმაურა.

ხოშტარიას თქმით, თუ „ქართული ოცნება“ აპირებს, რომ კომისიის მუშაობას ხელოვნური ბარიერები შექმნას, არ გამოუვა.

„ექსპერტების დაქირავების სამართლიანი წესი შემოვიღეთ. შეგვეძლო, ისეთი წესი შემოგვეღო, როცა უმრავლესობით გადაწყდებოდა, ექსპერტი ვინ იქნებოდა. უმრავლესობაში ჩვენ ვართ და მათი ექსპერტებით დაკომპლექტების თაობაზე „ოცნების“ სურვილს არ გავითვალისწინებდით. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ და „ოცნება“ ადამიანების ობიექტურ შეფასებაზე ვერასოდეს შევთანხმდებით, ვთქვით, რომ ვინც თავის ექსპერტზე პასუხისმგებლობას იღებს, მან მოიყვანოს. ჩვენ არა მხოლოდ ექსპერტებზე, არამედ ყველა ნაბიჯზე, ყველა დაკითხვასა და გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. როცა გამოძიების მიმართ ამდენი პრეტენზია და კითხვა მოვისმინეთ, ამაზე პასუხები უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე იაფფასიანი მცდელობა, რომ კომისიას ტექნიკური ბარიერი შეუქმნან“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

დეპუტატის ცნობით, კომისია 25-26 ივნისს, პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლებს კახა სირაძესა და ზვიად ფხაკაძეს დაიბარებს, რათა კითხვებს პასუხი გაეცეს.

ამასთან, ელენე ხოშტარია ივანე ნაკაიძის დაკითხვის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასაკითხ პირთა პირველივე სიაში ივანე ნაკაიძე იყო, რადგან ის ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ. ახლო ნათესავია.

„შევისწავლით, მას გამოძიების პროცესზე რაიმე გავლენა ხომ არ ჰქონდა. იქედან გამომდინარე, რომ კითხვები გ.ჯ-ს ნათესავების მიმართ არსებობს, ივანე ნაკაიძე ჩასმულია. მასთან მიმართებაში რა კითხვები და ვერსიები იქნება, დაკითხვების შემდეგ გამოჩნდება“, – განაცხადა ხოშტარიამ.