ელენე ხოშტარია - არანაირი არეულობა სააკაშვილის ჩამოსვლას არ მოჰყვა, მან ქვეყნის ინტერესი პერსონალურ ინტერესებს არ შესწირა
ოპოზიციის დამსახურებით, თავად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით, მან განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, თავის ვიწრო პერსონალურ ინტერესებს არ შესწირა ქვეყნის ინტერესი, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლას ქვეყანაში არავითარი არეულობა არ მოჰყოლია.
„არანაირი არეულობა მის ჩამოსვლას არ მოჰყვა. ეს მან ნამდვილად გააკეთა. მთელი თხრობა „ქართული ოცნების“, რომ ბუა მოდის, გამქრალია. არანაირი ბუები არ არსებობს. პრაქტიკულად პირველად ჩვენს ისტორიაში ხვალ მოდის მრავალპარტიული არჩევნები. მრავალპარტიული არჩევნები, სადაც ყველა თავისუფალი უნდა იყოს თავის არჩევანში. ამიტომ მოვრჩეთ ტყუილებით ადამიანების კვებას. თავად მიიღონ გადაწყვეტილება და წავიყვანოთ ქვეყანა წინ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.