ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებს თავს დაესხა
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მთაწმინდის მე-18 საოლქო საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებს თავს დაესხა.
როგორც ხოშტარია ამბობს, მათი აქტივისტები საარჩევნო პროცესის გადაღებას ტელეფონით ცდილობდნენ, „ქართული ოცნების“ აქტივისტი კი მათ ფიზიკურად გაუსწორდა. ხოშტარიას თქმით, ამ დროისთვის დაზარალებული აქტივისტები პოლიციაში იმყოფებიან და ჩვენებას აძლევენ.
„კიდევ ერთ უბანზე მოხდა ძალადობრივი ფაქტი. ეს არის ატმოსფერო, რაც შეშინებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ყველა უბანზე შექმნა. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს აქტივისტი, რომელიც უბნის გარეთ იღებს ვითარებას და სწორედ ამ გადაღებამ გააღიზიანა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ქალბატონი ანი გელოვანი, რომელიც ასევე არის საჯარო მოხელე, მუშაობს რკინიგზაში. საარჩევნოდ ეტყობა ასეთი აგრესიული შემთხვევებისთვის იყენებენ. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია და ქალბატონი ანი მე მგონი, იმალება. ის ვეღარ ვნახეთ. ეს არის ის სიძულვილისა და აგრესიის ატმოსფერო, რომელიც„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა შიშის გამო. პოლიციამ დაიწყო აქტივისტების დაკითხვა“,- განაცხადა ხოშტარიამ.
ამასთან, აღნიშნულ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე აღიძრა 162-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარედ ძალადობის განხორციელებას ან ძალადობის შემცველ მუქარას.