ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ქართული მხარე აპირებს, რუსეთის ფედერაციას ძებნილი რამზან ახიადოვი გადასცეს
ოპოზიციონერი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 20 სექტემბერს ქართული მხარე აპირებს, რუსეთის ფედერაციას რამზან ახიადოვი გადასცეს, რომელსაც რუსეთი ინტერპოლის საშუალებით ეძებს.
როგორც ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, ახიადოვი საპატრულო პოლიციამ არასწორი პარკირების გამო შეაჩერა, გადამოწმების შემდეგ კი დააკავეს. ხოშტარია მიიჩნევს, რომ რამზან ახიადოვის ექსტარადაცია დაუშვებელია და სახელმწიფოს მიმართავს, რომ რუსეთს არ გადასცეს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ბრალდების შესახებ ახიადოვმა არ იცოდა. მისი თქმით, მას რუსეთში არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და არც სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. აღსანიშნავია, რომ ახიადოვი საპატრულო პოლიციამ არასწორი პარკირების გამო შეაჩერა, გადამოწმების შემდეგ კი იგი დააკავეს. მიგრაციის დეპარტამენტის თქმით, „რუსეთში არ ირღვევა ადამიანის უფლებები“ რომ ამან ხელი შეუშალოს ექსტრადირებას და ასევე ქართულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ახიადოვის საჩივარი რუსეთში არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ჩვენ გვახსოვს მსგავს საქმეზე „შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სასწრაფო წესით აუკრძალა სახელმწიფოს ამ პირების ექსტრადაცია. ამ შემთხვევაში სტრასბურგმა დააწესა სტანდარტი კონკრეტულად საქართველოსა და რუსეთს შორის მსგავს საქმეებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ხოშტარიამ.