ელენე ხოშტარია - მინდა, მივმართო გავრილოვს, კადიროვსა და პუტინს, ბოდიშის მოხდა კი არა, მოგიწევთ დაჩოქება ჩვენი ქვეყნის წინაშე
ერთი წელი კი არა, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ჩვენი გულებიდან, ტვინიდან, მეხსიერებიდან და ისტორიიდან არასდროს ამოიშლება, ყოველთვის გვემახსოვრება და ყოველთვის მოვითხოვთ პასუხს იმაზე, რაც მოხდა 20 ივნისს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქციაზე სახელწოდებით „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 20 ივნისი არის ტკივილის დღე, რადგან დღეს აქ და სახლებში არიან ადამიანები, ვინც საშინლად დაზარალდნენ ძალადობისგან.
„მე არ მიყვარს ხშირად ამ სახელების ხსენება, მაგრამ დღეს არ შემიძლია, არ ვახსენო კობა ლეთოდიანი, რომელმაც ერთ თვალზე მხედველობა დაკარგა აფხაზეთის ომის დროს და მეორე თვალზე აქ, ქართველი პოლიციელებისგან, „ქართული ოცნებისგან“ და საერთოდ ვეღარ იხედება დღეს, ანტისაოკუპაციო აქციაზე. ტკივილი დაუვიწყარია და ვერაფრით ვერ წაიშლება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, 20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღე, მაგრამ ამასთანავე, არის ქართველი ხალხის ღირსების დღე.
„20 ივნისი არის „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღე, რომელსაც ვერ მოიწმენდენ, მაგრამ ამასთანავე 20 ივნისი არის ქართველი ხალხის ღირსების დღე, ღირსების, როდესაც გამოვართვით ჩვენ ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს, გავრილოვს, „ქართულ ოცნებას“ და ვუთხარით, რომ გვეკუთვნის ჩვენ, ეკუთვნის დასავლეთს, ეკუთვნის თავისუფლებას და ეკუთვნის ადამიანის ღირსებას.
20 ივნისს, მეგობრებო, მიუხედავად ტკივილისა, ჩვენ დავიწყეთ ძალიან დიდი ბრძოლა, რომელიც ოქტომბერში ძალიან დიდ ეტაპს გაივლის და ჩვენ შევცვლით „ქართულ ოცნებას“. მაგრამ ეს ბრძოლა კიდევ უფრო დიდია, ვინც მოვალთ ხელისუფლებაში, არავინ აღარ გაიფიქროს, რომ ასე მოეპყროს თავის მოქალაქეებს, არავინ არ იფიქროს, რომ სკამში მოკალათდება და იმავეს გააკეთებს თავის მოქალაქეებთან. ბოლოს, მე მინდა, მივმართო გავრილოვს, კადიროვს და პუტინს, ბოდიშის მოხდა კი არა, მოგიწევთ დაჩოქება ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.