ელენე ხოშტარია - 20-21 ივნისს დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხის პირობები ნორმალურია, თუმცა ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ
ელენე ხოშტარია - 20-21 ივნისს დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ციხის პირობები ნორმალურია, თუმცა ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ასევე ციხის პირობები ნორმალურია და ოჯახის წევრებს შეუძლიათ, ამ კუთხით არ ინერვიულონ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელმაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულები მოინახულა.

მისი თქმით, დაკავებულებს ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ და ეს საკითხი ძალიან სწრაფად უნდა მოგვარდეს.

„ერთი საკითხი, რაც ძალიან სწრაფად უნდა მოგვარდეს, მათ შეეზღუდათ კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. ყველას, ვისაც შევხვდი შეზღუდული აქვთ კომუნიკაცია, შეხვედრა და ეს არის დამატებითი ტერორი ამ ადამიანების, გაუგებარია საერთოდ რას ემსახურება“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, პირადად ესაუბრა დაკავებულებს და ვისაც შეხვდა, ერთის გარდა, არც ერთი პარტიის წევრი არ იყვნენ.

„პირადად ვესაუბრე ამ ადამიანებს და ერთის გარდა, არათუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობაზეა საუბარი, არამედ უმრავლესობამ პარტიების დასახელებებიც არ იცოდა, ზოგმა გავრილოვის საკითხი საღამოს გაიგო. არათუ ძალადობა, არამედ ეს ადამიანები ეხმარებოდნენ დაზარალებულებს, ზოგს მადლობა ეთქმით. პირდაპირ ვამბობ. ეს ადამიანები ამ ხელისუფლების მძევლები არიან, არანაირი კავშირი არ აქვთ ჯგუფურ ძალადობასთან. თუ იყო ცალკეული შეტაკებები პოლიციელთან, უმრავლეს შემთხვევაში, ეს იყო ამოჭრილი კადრები, სადაც უკვე რეაქციაა ამ ადამიანების, რაზეც შეიძლება, იმსჯელო ადმინისტრაციულად. სრულიად აპოლიტიკური ადამიანებისგან უნდათ შეკერონ ჯგუფური მოძალადეები და ეს არის აბსურდი, ადამიანები გავიცანით ხატმწერი, ხელოსანი, მშრომელი ადამიანების ამ დღეში ჩაგდება არის უსამართლობა. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ დათხრილი თვალები გადაფაროს რაღაც ჯგუფური ძალადობის მოგონილი შეთქმულებით“, – განაცხადა ხოშტარიამ.

როგორც მან აღნიშნა, არანაირი ძალადობის ფაქტი არ არსებობს.

„თავი დავანებოთ პოლიტიკას და ვინ როგორ მოვიქეცით, ადამიანები არანაირ ორგანიზებაში არ მონაწილეობდნენ, როცა გამოვლენ და გაესაუბრებით, მიხვდებით, რომ ამ მუხლით მათი აქ ყოფნა არის წარმოუდგენელი, ისინი მხარდაჭერისთვის მადლობას უცხადებენ ყველას“, – აღნიშნა დეპუტატმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.