ელენე ხოშტარია - ფორმულა, თუ რუსეთი შეგვაშინებს, შეიძლება დავთმოთ და დავიწყოთ პირდაპირ დიალოგზე საუბარი, ძალიან არასწორია
ელენე ხოშტარია - ფორმულა, თუ რუსეთი შეგვაშინებს, შეიძლება დავთმოთ და დავიწყოთ პირდაპირ დიალოგზე საუბარი, ძალიან არასწორია

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ფორმულა, თუ რუსეთი შეგვაშინებს, ადამიანებს მოგვიკლავს და გაიტაცებს, შეიძლება დავთმოთ პოზიციები და დავიწყოთ პირდაპირ დიალოგზე საუბარი, ძალიან არასწორია. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ საქართველოს პრემიერის რუსეთისადმი მიმართვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ძალიან მცდარი, არასწორი და საზიანო განცხადება და მიდგომაა რუსეთთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ სულ ვაკრიტიკებდით „ქართულ ოცნებას“, რადგან როდესაც რუსეთი არის მთავარი პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, ოკუპაციაზე, ის ოკუპანტი სახელმწიფოა, ისრების გადატანა შემსრულებლებზე არასწორია. მაგრამ კიდევ უფრო არასწორია ამ ვითარებაში, რადგან გამოდის, რომ თუ რუსეთი ჩვენ ასე გაგვამწარებს, რასაც ახლა აკეთებს, მაშინ შეიძლება, რაღაც პოზიციები დავთმოთ.

ეს ფორმულა, რომ თუ რუსეთი შეგვაშინებს, ადამიანებს მოგვიკლავს და გაიტაცებს, მაშინ ჩვენ შეიძლება დავთმოთ პოზიციები და დავიწყოთ პირდაპირ დიალოგზე საუბარი, ძალიან არასწორია. ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არის, რომ ეს საკითხი ძალიან მწვავედ დავაყენოთ საერთაშორისო არენაზე. სანქციების შემოღება, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ „ქართულ ოცნებას“ და მე იმედს ვიტოვებ, რომ რეზოლუციას, რომელშიც იქნება სანქციები ტატუნაშვილი-ოთხოზორიას საქმესთან დაკავშირებით, მთავრობა და ოპოზიცია ერთობლივად მიიღებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამის შესახებ მან აშშ-ში გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე გამგზავრებიამდე აეროპორტში განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიებაც იქნება გამოყენებული ამ თემაზე სასაუბროდ.

„ვიზიტი ეძღვნება ქალების უფლებების თემას, თუმცა რა თქმა უნდა, გაერო-ში ჩასვლა და ჩვენი ნებისმიერი საერთაშორისო ვიზიტი არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენს გამოწვევებზე, უსაფრთხოებაზე. დღეს, რა თქმა უნდა, ყველაზე მტკივნეული და მწვავე საკითხი ეს არის ტატუნაშვილის საკითხი, რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის საკითხი, ის სისასტიკე, რომელსაც რუსეთი დღეს ჩადის.

ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ამას ორმხრივი შეხვედრების დროს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავაყენოთ ტატუნაშვილის საქმის, როგორც ახლა მოგვარების საკითხი, ისე ზოგადად, რომ მოგვარდეს და აღიკვეთოს რუსეთის მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის შელახვა“, – განაცხადა ხოშტარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას.

„სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის“, – აღნიშნულია პრემიერის მიმართვაში.