ელდარ შენგელაია - დღეს 85 წლის გავხდი, მაგრამ მაქვს განცდა, რომ 35 წლის ვარ
ელდარ შენგელაია - დღეს 85 წლის გავხდი, მაგრამ მაქვს განცდა, რომ 35 წლის ვარ

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მაყურებელს, ვინც ამდენი წლის მერეც უყურებს ჩემს კინოს და ახსოვს ფრაზები ჩემი ფილმებიდან, – ამის შესახებ რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც მისი 85 წლის იუბილეს ეძღვნება.

„დღეს 85 წლის გავხდი, მაგრამ განცდა მაქვს, რომ 35 წლის ვარ. მაქვს ძალიან დიდი გეგმები და  მინდა გადავიღო სამი ფილმი, თუ ცხადია, ეროვნული კინოცენტრი მომცემს ფულს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მაყურებელს, ვინც ამდენი წლის მერეც უყურებს ჩემს კინოს და ახსოვს ფრაზები ჩემი ფილმებიდან“, – განაცხადა ელდარ შენგელაიამ.

ცნობილ ქართველ კინორეჟისორს დღეს 85 წელი შეუსრულდა.

ელდარ შენგელაიას სარეჟისორო მოღვაწეობა ათეულობით წელს ითვლის. მისმა ფილმებმა „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ქართულ კინოში მთელი ეპოქა შექმნეს.

ელდარ შენგელიას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და საპატიო პრემია.

რეჟისორი შემოქმედებით საქმიანობას კვლავაც აგრძელებს.

2017 წელს, რეჟისორმა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სავარძელი“ გადაიღო.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის “არაჩვეულებრივი გამოფენის” გადაღებიდან 50 წელი შესრულდა.