ელჩის ინფორმაციით, თურქეთში დაღუპული სამი მოქალაქიდან ერთის საქართველოში გადმოსვენება უკვე მოხერხდა
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ზონაში ამ დროისთვის საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ.
რაც შეეხება საქართველოს დაღუპულ სამ მოქალაქეს, გიორგი ჯანჯღავას ცნობით, ერთი მათგანი უკვე გადმოსვენებულია საქართველოში.
„დაკარგულებიდან საძიებლად მარტო ორი კაცი დაგვრჩა. იმ შენობიდან, სადაც გვეგულება ჩვენი მოქალაქე, უკვე რამდენიმე მიცვალებული ამოიყვანეს, ველოდებით სამაშველო ოპერაციის მსვლელობას. ერთი ინფორმაცია ის არის, რომ ჩვენი სამი გარდაცვლილი მოქალაქიდან ერთი, რომელიც პროზექტურაში იყო, უკვე გადასვენებულია საქართველოში. ოჯახმა უკვე იცის. ასევე, ახლა ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან. იმ მოქალაქეების სია უნდა გვქონდეს, რომლებსაც იმ კონკრეტული რეგიონიდან უნდათ, რომ ვიცოდეთ მათი ადგილსამყოფელი, და იმ შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია, რეგიონის დატოვებაში დავეხმაროთ“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.