ვლადიმერ კონსტანტინიდი - მეკობრეების მიერ გემის გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა არც ერთ ვერსიას არ გამოვრიცხავთ
მეკობრეების მიერ გემის გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, “პანტელენას” გაუჩინარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პანტელენას“ ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია. გემთან კავშირი 14 აგვისტოს გამთენიისას შეწყდა.
როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდმა პირველ არხს განუცხადა, „პანტელენა“ ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. მისი ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებს გემთმფლობელი ბერძნული კომპანიაა Lotus Shipping-ი აწარმოებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვითარების გარკვევის მიზნით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან და პანამის დროშის ადმინისტრაციასთან.საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი.
ამ წუთისთვის რაიმე ვერსიაზე საუბარი გაგვიჭირდება, ვინაიდან არ გვაქვს დადასტურებული მონაცემები არსებული ვითარების შესახებ და ყოველ წუთს ველოდებით განახლებულ ინფორმაციას, რის შემდეგაც უკვე ცნობილი გახდება მიზეზები, ადგილსამყოფელი და მოვლენების სავარაუდო განვითარება.
მეკობრეების მიერ გემის გატაცების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ვერც ერთ ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ. იცით რომ ეს არის აფრიკის რეგიონი და ასეთი შემთხვევები ფიქსირდება, მართალია ნაკლებად დასავლეთ სანაპიროზე, განსხვავებით სომალის ყურისგან, მაგრამ ასეთ ვერსიასაც ვერსიას ვერ გამოვრიცხავთ.
კომპანია, რომელთანაც მუდმივ კავშირზე ვართ, არის სოლიდური კომპანია, საკმაოდ გამოცდილი, მათ მსგავსი შემთხვევები ჰქონიათ, ჰყავთ კრიზისული მენეჯმენტის საკმაოდ სერიოზული ჯგუფი და მზად არიან ნებისმიერი ვერსიის განსახილველად“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისი თქმით, მომხდარის ბევრი ვერსია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ დაზუსტებით რაიმეს მტკიცება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია. როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, იმის ალბათობა, რომ საქმე გვაქვს მეკობრეობასთან, არ არის გამორიცხული.
„ყველა რეგიონს აქვს თავისი ოპტიმალური ვადა. როგორც წესი, ასეთი საკითხების საბოლოოდ გარკვევას მაქსიმუმ 20 დღე სჭირდება, რის შემდეგაც ხდება ხოლმე ასე ვთქვათ განგაშის რეჟიმის ჩართვა, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამხელა დრო ამ საკითხის გარკვევას არ დასჭირდება და უფრო მალე მოხდება ინფორმაციის მიღება“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.