ელჩი ლევან იზორია გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივან მიგელ ბერგერს შეხვდა
გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივან მიგელ ბერგერს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
უწყების ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოვლენებს. სახელმწიფო მდივანი მიესალმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგში ევროკავშირის მხრიდან მაღალი დონის ჩართულობას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტით გამოიხატა და გამოთქვა მოლოდინი, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას პარლამენტის ფარგლებში გააგრძელებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმები და საერთაშორისო თანამეგობრობის როლი ამ პროცესში.
„სახელმწიფო მდივანი პოზიტიურად გამოეხმაურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით, რომლითაც მკაფიოდ დადასტურდა რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.