ელჩების კონფერენციის თემატურ პანელებზე საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და არაღიარების საკითხებზე იმსჯელებენ
ელჩების კონფერენციის თემატურ პანელებზე საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და არაღიარების საკითხებზე იმსჯელებენ

საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა – ეს არის ის მთავარი თემა, რომლის შესახებაც დღეს ელჩები კონფერენციის ფარგლებში სამ თემატურ პანელზე იმსჯელებენ.

აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზია-წყნარი ოკეანეთის თემატურ პანელებზე ელჩები აქცენტს სწორედ არაღიარების პილიტიკის გაგრძელებისა და განმტკიცების სტრატეგიაზე გაამახვილებენ.

„ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის დღის წესრიგში უპირველეს ყოვლისა დგას არაღიარების საკითხი. იცით, რომ რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს ამ ქვეყნებთან ამ მიმართულებით, რომ რამენაირად აღიარებინოს გარკვეულ ქვეყნებს აფხაზეთი, რამენაირად ჩაიყვანოს აფხაზური დელეგაციები ამ ქვეყნებში და უფრო მეტი კონტაქტი დაამყაროს. შესაბამისად, ჩვენი მუშაობაც ამ მიმართულებით მიმდინარეობს. ვმუშაობთ ყვლასთან, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოვახდინოთ“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ამ ჯგუფის ქვეყნებთან თანამშრომლობა ძირთადად ეკონომიკურია, ასევე მოიცავს რეფორმების განხორციელების კუთხით, საქართველოს გამოცდილების გაზიარებას.