ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება
ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება

საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. მზად ვართ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და ყველა არსებული ფორმატი გამოვიყენოთ, რათა მშვიდობიანი გზებით შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

ნიკოლოზ სამხარაძემ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა რვაწლიანი საპარლამენტო საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში პარლამენტი სწორედ ირაკლი კობახიძის ძალისხმევით გახდა ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტი.

„ის, რომ დღეს პარლამენტი ნამდვილად ასრულებს თავის ფუნქციას და პარლამენტში არის პოლიტიკური ცხოვრება, მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები, ამაში ლომის წილი მიუძღვის სწორედ ირაკლი კობახიძეს. მსურს, ამისთვის დიდი მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით საჭიროა ევროკავშირთან ერთად ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირის დახმარების მიმღები ქვეყნების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პრევენციას.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაგრძელდება მუშაობა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან. მისივე თქმით, საქართველოს რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობა აქვს თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან.

„იმის პარალელურად, რომ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საფინანსო ჰაბის ფუნქციები იზრდება, საქართველოს აქვს პოტენციალი, ერთი მხრივ, გახდეს მნიშვნელოვანი ფასილიტატორი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებაში, მეორე მხრივ, ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი რეგიონის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. ვფიქრობ, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მეტ რეგიონულ ინტეგრაციას და რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის განმტკიცებას. ვაგრძელებთ ურთიერთობების გაღრმავებას აზიის ქვეყნებთან, რისი ნათელი მაგალითიც არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. ჩვენი ამოცანაა შუა აზიის, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან მეგობრული კავშირების განმტკიცება, რაც არ არის მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, გლობალური პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, წლევანდელი და მომავალი წლები ახალი გამოწვევებით და საფრთხეებით აღსავსე იქნება.

„შესაბამისად, საფრთხეები და გამოწვევები გაიზრდება საქართველოს მიმართაც, ამიტომ მთავარი ამოცანაა პრაგმატული, ფრთხილი და მიზანმიმართული საგარეო პოლიტიკით გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერმინისტრობის კანდიდატს და მის გუნდს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სამთავრობო პროგრამის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.