„ელ პაისი“ რუსეთისადმი აშშ-ისა და ნატო-ს პასუხებს აქვეყნებს - რუსეთის საჯარისო ნაწილები უნდა გავიდნენ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიიდან, ძალაში რჩება ღია კარის პოლიტიკა
ესპანური გამოცემა „ელ პაისი“ აშშ-ისა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ დოკუმენტებს აქვეყნებს, სადაც ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ პირობად საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანაა დასახელებული. ჩრდილოტლანტიკური ალიანსის პასუხი ოთხ გვერდზე, აშშ-ის პასუხი კი ხუთ გვერდზეა ასახული.
როგორც გამოცემა წერს, ნატო-ს დოკუმენტის 8.3 პუნქტში აღნიშნულია, რომ ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის რუსეთის საჯარისო ნაწილები უნდა გავიდნენ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიიდან, სადაც ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე იმყოფებიან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დოკუმენტის მიხედვით, ყველა ქვეყანა პატივს უნდა სცემდეს სახელმწიფოების სუვერენიტეტის, საზღვრების ურღვეობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრონციპებს და თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და ძალის გამოყენების საფრთხისგან.
„ელ პაისის“ ინფორმაციით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყველა ქვეყანამ პატივის უნდა სცეს სხვა ქვეყნების უფლებას, აირჩიოს ან შეცვალოს უსაფრთხოების ზომები და განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე.
ნატო-ს დოკუმენტში წერია, რომ ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს სხვადასხვა კონფლიქტის გადაწყვეტის ფორმატებში, მათ შორის ნორმანდიის ფორმატში, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და 5+2-ის ფორმატებში.
დოკუმენტის მიხედვით, რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს ნატო-ს მოკავშირეებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იძულებითი ძალის გამოყენებისგან, აგრესიული ბირთული რიტორიკისგან და საზიანო მოქმედებებისგან.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს სთავაზობს ნატო-რუსეთის საბჭოში სამხედრო წვრთნების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ეუთო-ში ვენის დოკუმენტის განახლებაზე მუშობას, წვრთნების გამჭვირვალობას, სახიფათო ინციდენტების პრევენციას, ინფორმაციის გაცვლას ბირთვული პოლიტიკის შესახებ და რისკის შემცირების ზომების შემუშავებას, კოსმოსური სისტემებისთვის საფრთხის შემცირების მიზნით კონსულტაციებს, ღია და უსაფრთხო კიბერსივრცის უზრუნველყოფას, ჰაერსა და ზღვაში ინციდენტების პრევენციის კონსულტაციებს, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონვენციების სრულად შესრულებას, ევროპაში კონვენციური შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების შესრულებას.
დოკუმენტის მიხედვით, ნატო-ს კონფრონტაცია არ სურს, მაგრამ უარს არ იტყვის დასავლურ პრინციპებზე.
რაც შეეხება აშშ-ის მიერ გაგზავნილ დოკუმენტს, როგორც ესპანური გამოცემა წერს, ვაშინგტონის პასუხის თანახმად, აშშ მზად არის, იმუშაოს რუსეთთან ურთიერთგაგების მისაღწევად, ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად.
დოკუმენტის მიხედვით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და სჯერა, რომ ამ საკითხის განსახილველად შესაბამისი ფორუმი არის ნატო-რუსეთის საბჭო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი მზად არის უსაფრთხოების განუყოფლობის შესახებ დისკუსიების გასამართად, მაგრამ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კვლავ გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთი სრულად არ იცავს ვენის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს, რაც ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას. აშშ რუსეთს სთავაზობს გამჭვირვალობის მექანიზმზე დისკუსიებს იმაში დასარწმუნებლად, რომ პოლონეთსა და რუმინეთში „ტომაჰავკის“ ტიპის საკრუიზო რაკეტები არ არის განთავსებული, რის სანაცვლოდ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობის ზომები საკუთარ ორ სარაკეტო ბაზაზე.