„ეკონომისტის“ ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების შედეგად ეკონომიკური ზარალი საერთაშორისო მასშტაბით 2050 წლისთვის ცხრა ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზარალი საერთაშორისო მასშტაბით 2050 წლისთვის ცხრა ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ საუბარია გამოცემა „ეკონომისტის“ მიერ შედგენილ ანგარიშში.
დოკუმენტში მომავალი 30 წლის შესაძლო შედეგებია შესწავლილი.
ანგარიშის შესაგდენად მეცნიერებმა თითოეული ქვეყნის მონაცემები შეისწავლეს, რომელიც გლობალურ დათბობასა და ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მეცნიერები აცხადებენ, რომ მომდევნო ათწლეულებში ყველაზე რთულ მდგომარეობაში აფრიკა აღმოჩნდება. მეცნიერების გამოთვლებით, აღნიშნულ კონტინენტზე 2050 წელს კლიმატის ცვლილების შედეგად ეკონომიკური წარმოება ხუთი პროცენტით დაეცემა.
ანგარიშში მაგალითისთვის მოყვანილია ანგოლას შემთხვევა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. აფრიკულ სახელმწიფოში 2050 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი 6,1 პროცენტით დაეცემა. ამის მიზეზად კი, კლიმატის ცვლილებასთან ერთად დასახელებულია ხარისხიანი ინფრასტრუქტურის არარსებობა.
გამოცემის მიხედვით, ანგოლასთან ერთად კლიმატის ცვლილებით ყველაზე მეტად ნიგერია, ეგვიპტე, ბანგლადეში და ვენესუელა იზარალებენ.