მნიშვნელოვნად გაუარესებული ეკონომიკური პირობების გამო, ლიბანში არსებულმა მაღაზიებმა, სამთავრობო ოფისებმა, ბიზნესებმა და ბანკებმა დღეს გენერალური გაფიცვა მოაწყვეს.
გაფიცვას, რომელსაც დედაქალაქ ბეირუთსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე სატრანსპორტო გზის ბლოკირებაც მოჰყვა, იმ პოლიტიკურმა ძალებმა დაუჭირეს მხარი, რომლებმაც ადგილობრივი მთავრობის ფორმირება თვეების მანძილზე ვერ შეძლეს.
2020 წლის აგვისტოს შემდეგ ლიბანი სრულად ფუნქციონირებადი მთავრობის გარეშეა. ოქტომბერში პრემიერ-მინისტრად დანიშნულმა საად ჰარირიმ მთავრობის ფორმირებისთვის ქვეყნის პრეზიდენტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
მსოფლიო ბანკმა ლიბანში არსებული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი ბოლო 150 წლის მანძილზე ყველაზე მძიმედ შეაფასა. აღნიშნული კრიზისი 2019 წელს დაიწყო და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაღრმავდა.