ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა
თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. ობიექტი ,,ჰუალინგ ჯგუფმა’’ 2016 წლის დასაწყისში ცხრა მილიონ 450 ათას დოლარად იყიდა.
პირობების მიხედვით, ინვესტორს 2018 წლისთვის შენობაში სულ მცირე 100 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო. პრივატიზაციიდან ორი წლის შემდეგ, კომპანიაში ამბობენ, რომ პროცესი ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
„სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, აქტიური მზადების პერიოდში ვართ, თუმცა კონკრეტული პასუხებისგან, როდის დაიწყება სამუშაოები, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ“ – განუცხადეს პირველ არხს „ჰუალინგ ჯგუფში“.
რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, უწყება 2016 წლის აპრილიდან, ჭოველიძის ქუჩაზე ნაქირავებ შენობაში აგრძელებს მუშაობას.