დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა, ქუთაისის “ტორპედოში” ინვესტიცია ჩინელმა ბიზნესმენებმა განახორციელონ.
პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, მოლაპარაკება დაწყებულია არა გუნდის გაყიდვაზე, არამედ, სპონსორული ხელშეკრულების გაფორმებაზე, ინიციატივა კი თავად ”ტორპედოს” ამჟამინდელი მენეჯმენტისგან მოდის, რომელსაც სურს, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და საქართველოს შიდა ტურნირებზე გუნდი უფრო გაძლიერდეს და ღირსეულად ითამაშოს.
როგორც შევიტყვეთ, მოლაპარაკება კომპანია „ჰუალინგ ჯგუფთან“ მიმდინარეობს. 17 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩინელ ბიზნესმენთა 8-კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა. ისინი კლუბით დააინტერესეს და ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს კლუბის თანაინვესტირებაზე. ამ მიზნით, მათ ”ტორპედოს” სტადიონი და საღორიას საწვრთნელი ბაზა დაათვალიერეს, ამის შემდეგ კი ქალაქის მერიაშიც იმყოფებოდნენ.
”ტორპედოში” პირველ არხთან ამ მოლაპარაკებებზე ორაზროვანი კომენტარი გააკეთეს და რეალურად, ჩინური ჯგუფის ინტერესი არ უარყვეს.
”ჯერ კლუბში სიახლე არაა. ჩვენი მუშაობა იმისკენ არის მიმართული, რომ ”ტორპედოს” უკეთესი მომავალი ჰქონდეს და საერთშორისო სარბიელზე და საქართველოში ღირსეულად რომ ვითამაშოთ”, – აცხადებს გუნდის აღმასრულებელი დირექტორი მამუკა მოსიაშვილი.