ეკონომიკის სამინისტრო - ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგება „ინტერ რაოსთან“ გაფორმებული მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ხდება
ეკონომიკის სამინისტრო - ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგება „ინტერ რაოსთან“ გაფორმებული მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე ხდება

ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგება რუსეთიდან საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა (ესკო) და რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“ შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე ხდება. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ენგურჰესის“ გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ოპტიმალური ბალანსის შესანარჩუნებლად, „ინტერ რაოსთან“ მოკლევადიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ოკუპირებულ აფხაზეთს დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად მიეწოდება 45 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს. რეგიონი ელექტროენერგიას მიიღებს ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინოს“ მეშვეობით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სისტემის შემადგენელი ნაწილია.

მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, საქართველოს მთავრობა ზამთრის სეზონზე პერიოდულად მიმართავდა მსგავსი მექანიზმის გამოყენებას აფხაზეთში მოხმარების დეფიციტის დასაბალანსებლად. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „ენგურჰესზე“ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას მიეწოდა, 40 პროცენტი კი ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც ოპტიმალურთან მიახლოებული პარამეტრებია“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

„ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, 20 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგება ყოველდღე სამი საათით იზღუდებოდა.