ეკონომიკის სამინისტრო „საქნახშირს“ მოუწოდებს, უზრუნველყოს შახტებში დასაქმებულების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს მათი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
ამასთან, მათივე თქმით, კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით.
„კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.
ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT შეისწავლა. გერმანელი სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ტყიბულის შახტებში ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით „საქნახშირს“ თითქმის ერთი წელია, რაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც კომპანიას შახტებში სრულფასოვანი ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
კომპანია „საქნახშირმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ცნობილი იყო ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებისთვისაც.
მეშახტეები დღეს დილიდან „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვას ითხოვენ. მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, დღეს 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო 10 ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით მეშახტეების სრული ინფორმირება არ მოხდება.