ეკონომიკის სამინისტრო - ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, სიცრუეა
ეკონომიკის სამინისტრო - ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, სიცრუეა

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ძალიან დიდი სერიოზულობითა და სიფრთხილით ეკიდება მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ფასის საკითხებს.

„რეალურად, დაახლოებით ერთი წლის წინ, მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა მოამზადეს სამუშაო ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და არ იყო საბოლოო დასკვნა. რეკომენდაციები გულისხმობდა მხოლოდ ერთ ასპექტს – ფისკალურ ანალიზს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მასშტაბურია უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი სერიოზულობითა და სიფრთხილით ვეკიდებით მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ფასის საკითხებს.

შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორის განვითარების ოპტიმალურ სტრატეგიაზე, რათა, ერთი მხრივ, მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო განმტკიცდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა“,  – ნათქვამია  ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.