ეკონომიკის სამინისტრო - ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს
საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით, – ამის შესახებ ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება განმარტავს, რომ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით, რაც მოიცავს სამ ძირითად ამოცანას – ბაზრის დერეგულირება, მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგოეფექტურობა.
„ეს ასახულია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტში. ამასთანავე, 2014 წლიდან, ყოველწლიურად დგინდება საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომლის მიზანია ელექტროენერგიტიკული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, გენერაციის ზრდის უზრუნველყოფა და გადამცემი ქსელის საიმედოობის გაზრდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს განმარატებით, ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელზე მსჯელობა წლის პირველი 2-3 თვის მონაცემებით არ არის მართებული.
„მით უმეტეს, არ არის სწორი, რომ 2-3 თვის მონაცემებზე ავაგოთ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია და ახალი ჰესების განვითარება უნდა შევაჩეროთ, ეს საფრთხის შემცველი მოწოდებაა. მით უფრო, რომ დღეის მდგომარეობით, 20 პროცენტზე მეტი იმპორტული ენერგომატარებლების ხარჯზე კმაყოფილდება (ელ.ენერგია, გაზი). წლიდან წლამდე არსებულ ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ჭრილში ვხედავთ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალოდ 5 პროცენტიან ზრდას, მოცემული ზრდის ტრენდის შენარჩუნებისა და საპროგნოზოდ კიდევ უფრო მეტად გაზრდის შესახებ არაერთი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისა თუ დონორი ორგანიზაციების მიერ იქნა ანალიზი და შეფასება წარმოდგენილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საქართველოს მშპ-ს საშუალო ვადიანი ზრდის პროგნოზი 5% პროცენტი, ხოლო გრძელვადიანი საშუალოდ 4,5 პროცენტია. შესაბამისი ეკონომიკური ზრდა გამოიწვევს ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ის 4,5 პროცენტს გაუტოლდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ 2030 წელს საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნა 21-22 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს, რაც დაახლოებით 8 მილიარდი კილოვატ საათით მეტია ქვეყნის არსებულ გენერაციაზე.
„ეს ზრდა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს და ამას ალტერნატვა არ გააჩნია“, – აღნიშნავენ სამინისტროში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ახალი კანონპროექტი რამდენჯერმე იყო განხილული, როგორც განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის წევრებთან, ასევე ენერგეტიკის სფეროში მოქმედ არასამთავრობოებთან და სხვა დაინტერესბულ პირებთან.
„კანონპროექტზე მუშაობის დროს, რომელიც მომზადდა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უშუალო ჩართულობით, მუშაობის პროცესში მრავალჯერ გაიმართა სამუშაო შეხვედრები, როგორც პარლამენტარებთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ არაერთ შეხვედრაზე, ასევე ფინანსურ ინსიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, ენერგეტიკის ექსპერტებთან, პროფესორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასეთი ჩართულობა მათ აძლევდათ საშუალებას, ჰქონოდათ შენიშვნები და მოსაზრებები, რისი ასახვაც მოხდა კანონპროექტში და სწორედ ამის შემდეგ, როცა ყველა მხარესთან შეჯერდა, გადაეგზავნა მთავრობას დასამტკიცებლად“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.