ეკატერინე ტიკარაძე - რეგიონებში საავადმყოფოებს მიეცათ რეკომენდაციები, გაფრთხილებები და გონივრული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, ახლა ვიმყოფებით შემოწმების ფაზაში
გვაქვს ძალიან ბევრი რეგიონი, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს და გვაქვს რეგიონები, სადაც მდგომარეობა მეტ – ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„მე ღია ეთერში არ დავასახელებდი რეგიონებს, სადაც განსაკუთრებით ბევრი ხარვეზია. ზოგადად, არ ვარ მომხრე, რომ ჩვენი მოქალაქეები გარკვეული დაშინებით ვმართო და ამან რეგიონში პანიკა გამოიწვიოს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა, რითაც ვახერხებთ და ვასრულებთ იმას, რომ რეგიონში ამ პროცესის მართვაში პაციენტისთვის გარკვეული შეფერხება არ მოხდეს. გვაქვს ძალიან ბევრი რეგიონი, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს და გვაქვს რეგიონები, სადაც მდგომარეობა მეტ – ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. შეიძლება, ითქვას, რომ მხოლოდ თბილისი, იმერეთი და აჭარაა ის რეგიონები, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე, ეს სამი რეგიონი ჩვენთვის არის საყრდენი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემას სხვა შემთხვევაში აქვს რესურსი, რომ მოხდეს ნებისმიერ რეგიონში ინფიცირებული პაციენტის ადგილზე მიღება და ტრანსპორტირება მისთვის უსაფრთხო გარემოში, სადაც ის სრულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს.
ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა რომელიმე რეგიონი, სადაც ინფრასტრუქტურის, პროცესის მართვის თვალსაზრისით განსაკუთრებით ბევრი ხარვეზია და საჭიროა განსაკუთრებული მობილიზება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რეგულირების სააგენტო საავადმყოფოებში არსებულ მდგომარეობას განმეორებით სწავლობს.
„რეგულირების სააგენტომ ეს საავადმყოფოები შეისწავლა ოქტომბერში, სანამ „კოვიდ-19“ დაიწყებოდა. უბრალოდ, ჩვენ ვაწარმოებდით საქართველოს ყველა კლინიკის ინფრასტრუქტურულ შესწავლას და გვაქვს საწყისი მონაცემები, თუ როგორ მდგომარეობაში იყვნენ ისინი. მათ მიეცათ გარკვეული რეკომენდაციები, გაფრთხილებები და გონივრული დრო, რომ თავიანთი ხარვეზები გამოესწორებინათ. ჩვენ უკვე იანვარში ვიცოდით, რომ ეს არის ვირუსული ინფექცია და მოხდა იმ საავადმყოფოების შემდგომი გადამოწმება, რომლებიც ინფექციის მართვის მოდულში იყვნენ ჩართული. ყველა ეს საავადმყოფო სრულად გადავამოწმეთ და აღვწერეთ თებერვალში, როგორც ფოტომასალით, ასევე დოკუმენტურად. მათ ისევ მიეცათ დამატებითი გაფრთხილება, შემდგომი ვადა გამოსწორებისთვის და ახლა უკვე ვიმყოფებით იმ შემოწმების ფაზაში, როცა ეს ხარვეზები ადგილზე არ უნდა დაგვხვდეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ასევე განაცხადა, რომ ამ კლინიკებისთვის მიცემულია ყველა ინსტრუქცია, თუ როგორი უნდა იყოს თითოეული მოძრაობა და ტრაექტორია, პაციენტის მიღებიდან პალატაში განთავსებამდე.
„ეს ეცნობება ყველა სპეციალისტს, რომელიც ადგილზე მუშაობს. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ხდება ამ საავადმყოფოების უზრუნველყოფა ყველა საჭირო ინვენტარით, რომელიც ექიმებს ესაჭიროებათ, რათა პაციენტის მართვაში დაცულნი იყვნენ და ამის შემდეგ ხდება საავადმყოფოების პროცესში ჩართვა“, – განაცხადა ტიკარაძემ.