ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ კორონავირუსის ოთხ ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მინისტრის თქმით, ცნობილია, თუ რომელი კლასტერიდან არიან აღნიშნული პაციენტები, რაც კარგი ფაქტია.

„დღეისათვის, როგორც იცით, დაგვიფიქსირდა კიდევ დამატებით ოთხი შემთხვევა. ამ ფაქტს აქვს ერთი დადებითი მხარე ის, რომ ჩვენ კვლავ ვიცით, თუ რომელი კლასტერიდან არიან ეს პაციენტები“ ,- აღნიშნა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, ოთხი ახალი ინფიცირებულიდან ორი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში, ორი კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„მოხდა სიმპტომების გამოვლენა და შემდგომ უკვე ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადასტურება, რომ ისინი არიან კორონავირუსის მატარებლები. 38 -ე პაციენტი, უფრო სწორედ ერთი პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავდა კორონავირუსით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, და რეციდივი ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არ არის. ის კვლავ აგრძელებს თვითიზოლაციაში ყოფნას და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც შედარებით ყურადსაღებია, მათი მდგომარეობაც არის სტაბილური. ჩვენ გვაქვს ამ შემთხევვაშიც დამაიმედებელი პროგნოზი, რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მათი ჯანმრთელობის შესახებ“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.