ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან „ომიკრონთან“ დაკავშირებული საკითხები განიხილა
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ონლაინ შეხვედრა გამართეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მხარეებმა „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი – „ომიკრონი“, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა და დაავადების მიმდინარეობა განიხილეს. ისაუბრეს პანდემიის პირობებში ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზე. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, კერძოდ პირველადი ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც სფეროში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას ითვალისწინებს.
„განვიხილეთ, ახალ, მუტირებულ ვარიანტთან მიმართებაში თუ რა ხედვა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ამ შტამთან მიმართებაში, მნიშვნელოვანი რჩება გადაცემის სისწრაფე, ვირულენტობა, რაც აისახება თვითონ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფებზე აქვს მას განსაკუთრებული გავლენა, საინტერესოა აღნიშნული შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის ეფექტურობაც. მან აღნიშნა, რომ ორ კვირაში ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა, თუ როგორი არის აღნიშნული შტამის ზუსტი მიმდინარეობა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ის ხუთი ეფექტური ხელსაწყო, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია კვლავ ძალაში რჩება და ეს არის ვაქცინაცია, ბუსტერის გამოყენება, ასევე რა თქმა უნდა პირბადე და სოციალური დისტანცირება. მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეს განათლების მიღების საშუალება და ასევე მნიშვნელოვანი, არის რომ ჩვენ ამ მკურნალობის პროტოკოლებთან მიმართებაში გვქონდეს უახლესი სტანდარტები, რაზეც საქართველო მუდმივ რეჟიმში მუშაობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიოს წამყვან ექიმებთან ექნება შეხვედრა, რის შემდეგაც ახალი მკურნალობის გაიდლაინები შემუშავდება.
„ბატონ კლუგეს, 6 დეკემბერს აქვს მსოფლიოს წამყვან 53 ექიმთან შეხვედრა, რის შედეგადაც დაიდება ახალი მკურნალობის გაიდლაინები, რასაც საქართველო რა თქმა უნდა გაიზიარებს და შესაბამისად, შეიტანს მკურნალობის გაიდლაინებში, რომელიც ეროვნული სტანდარტით ხორციელდება საქართველოში.
ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ თავი ავარიდოთ ლოკდაუნს, ეს არის ყველაზე ბოლო ღონისძიება. ჯანმო-ს რეგიონულმა დირექტორმა მოიწონა ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომელიც საქართველოს აქვს, რაც შეეხება 60 წელს ზევით მოსახლეობის წახალისებას, ვინაიდან მისი აზრითაც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ამ სეგმენტში იყოს სულ მცირე 90%-მდე, ვინაიდან სწორედ ეს გახლავთ იმ წარმატების საწყისი, რითიც ჩვენ შევძლებთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის, რეანიმაციაში პაციენტების განთავსების შემცირებას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ლეტალობის მაჩვენებლებზე“, – განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების გადაღლილობა და განვახორციელოთ ამაზე კონტროლი. ამ პირობებში ექიმები არიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჰანს კლუგე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე რეფორმას, რაც გულისხმობს ციფრული ჯანდაცვის დანერგვას პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს ამ რეფორმას და მზად არიან უფრო აქტიური ჩართულობისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.