ეკატერინე ტიკარაძემ ისრაელიდან ჩამოსულ სპეციალისტებთან კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე ისაუბრა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და „კოვიდ-19“-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს, ნადირ არბერს შეხვდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ისრაელიდან ჩამოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვის არის განკუთვნილი. სამედიცინო მკვლევარების განცხადებით, მედიკამენტი ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს და ის გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს ეფუძნება.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით გვსურს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ისრაელის პარტნიორი იყოს. თქვენ ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრ ადამიანს დაეხმარება“, – განაცხადა თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა, ნადირ არბერმა.
ისრაელიდან ჩამოსულმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრიც დაათვალიერეს.
„სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ისრაელიდან ჩამოსულ მკვლევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ისრაელიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა კი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.