ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რას ნიშნავს მასობრივი და აგრესიული ტესტირება
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობის აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
მინისტრის თქმით, აგრესიული ტესტირების საშუალებით შესაძლებელია, ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.
ეკატერინე ტიკარაძემ მაგალითისთვის კორეა დაასახელა.
ტიკარაძის განმარტებით, სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან.
ეკატერინე ტიკარაძე ვარაუდობს, რომ უკვე კვირის ბოლოს საქართველოში შესაბამისი რესურსი იქნება.
მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, თუ ვირუსის უკონტროლო ზრდა დაფიქსირდება, კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება.
„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, თუ როგორ ეფექტურად მართავენ ისინი კორონავირუსის გავრცელებას და შემდეგ მის მკურნალობას, ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებებს. კორეა არის ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდეგ ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, როგორც კორეასთან სახელმწიფო დონეზე, ასევე ჩინეთთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს ჩვენ შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც უკვე მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასობრივი ტესტირება კორონავირუსზე“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, ტიკარაძის განმარტებით, მზადდება კონკრეტული გეგმა და პროცესში ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან.
„აგრესიული ტესტირება არ გულისხმობს იმას, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კორონავირუსი მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას და უფრო მეტად ზუსტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფშია გავრცელებული კორონავირუსი. მსგავსი ტესტირებები მიმდინარეობს ასევე გრიპის ვირუსზე და ეს არის ზოგადად მიღებული პრაქტიკა, როდესაც ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ, არის თუ არა ქვეყანაში ეპიდემია. კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს იმას, რომ როგორც ვიცით 80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და სწორედ ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები, მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვამზადებთ კონკრეტულ გეგმას და ამ გეგმის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან პროცესში, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გაწერილი დეტალური გეგმა”,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.