ეკატერინე ტიკარაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ეკატერინე ტიკარაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან თანამშრომლობით, ვირტუალურ ფორმატში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის მეექვსე შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ხელმძღვანელმა, კაროლინ ვესტერიმ და ეკატერინე ტიკარაძემ გახსნეს.

მათივე ცნობით, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი და საქართველო მსოფლიო მასშტაბით მისაბაძი ქვეყანა გახდა.

როგორც აღინიშნა, შეხვედრის მიზანი პროგრამის მიმდინარე მიღწევებისა და არსებული გამოწვევების ანალიზია, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება სამომავლო სამოქმედო რეკომენდაციები და 2021-2025 წლების ელიმინაციის სტრატეგიის სამუშაო ვერსია განიხილება.

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საკმაოდ წარმატებულია, რომელმაც სერიოზული პროგრესი განიცადა ამ წლების განმავლობაში და ქვეყნის მოსახლეობას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს მოზრდილი მოსახლეობის 72%-ზე მეტს. მკურნალობის პროგრამაში ჩაერთო 73 ათასზე მეტი პაციენტი, განკურნების მაჩვენებელი კი 98.9%-ს შეადგენს. საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი და საქართველო მსოფლიო მასშტაბით მისაბაძი ქვეყანა გახდა. მსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა მათ მხარდაჭერას და მადლობა მოვახსენო ყველა იმ ორგანიზაციასა და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად შრომობს ჩვენთან ერთად. მსოფლოში შექმნილი ვითარების ფონზე, დღეს TAG-ის შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ტარდება. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც აქამდე, და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გახდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, კომპანიის Gilead Sciences ვიცე-პრეზიდენტმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი 2016 წელს ჩამოყალიბდა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის, პრევენციის ცენტრებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით. მას შემდეგ, ჯგუფი ყოველწლიურად იკრიბება და განიხილავს C ჰეპატიტის ელიმინაციისკენ მიმართულ პროგრესს, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.