ეკატერინე ტიკარაძე - ყველაზე რთული სცენარისთვის მზადება ჯერ კიდევ იანვარში დავიწყეთ, ამიტომაც ვიმყოფებით საუკეთესო სცენარში
მთავრობა მაქსიმალურად ემზადება ყველაზე რთული სცენარისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„არ ვიტყოდი უარესი, მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ ყველაზე რთული სცენარისთვის ვემზადებით. ამ სცენარისთვის მზადება დავიწყეთ პირველი დღიდან და ეს იყო იანვარი. დღესდღეობით სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე ვიმყოფებით საუკეთესო სცენარში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი. ჩვენ ვაგრძელებთ ისევ უმკაცრესი სცენარის განვითარებისთვის მზაობას, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვენელოვანია, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, ხარისხი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იმისათვის, რომ მივიღოთ საუკეთესო შედეგები“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მან უპასუხა კითხვას კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის შესახებაც, რომლის კონტაქტების მოძიებაც სამეგრელოს რეგიონში მიმდინარეობს.
„რაც შეეხება პერსონალურ ინფორმაციებს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პერსონალური ინფორმაცია არ გავცეთ, თუმცა ეპიდემიოლოგებს კლასტერი აქვთ მოძიებული, კლასტერის კვლევა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, დადგენილი არის როგორც წყარო, ასევე იმ შესაძლო პირთა რიცხვი, რომელიც შეიძლება იყოს ინფიცირებული. ისინი იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ და რამდენიმე დღეში უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.