ეკატერინე ტიკარაძე - დღეს მასობრივ ტესტირებას თუ არ ვატარებთ, ამის მიზეზი არის არა ტესტების დეფიციტი, არამედ მათი რაციონალური და მიზნობრივი გამოყენება
თუ დღეს მასობრივ ტესტირებას არ ვატარებთ, ამის მიზეზი არის არა ტესტების დეფიციტი, არამედ მათი რაციონალური და მიზნობრივი გამოყენება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მასობრივი ტესტირება არამიზნობრივია.
როგორც ტიკარაძემ განმარტა, ტესტების მარაგი მუდმივად ივსება და თუ ტესტირების მასშტაბების გაზრდა საჭირო გახდა, ქვეყანა ამისთვისაც მზად იქნება.
„ჩვენ დღესაც ვართ მომხრენი მხოლოდ მიზნობრივი და კლასტერული დეტალური კვლევების და ამ კლასტერებში ტესტირების. ალგორითმი წინა კვირაში შეიცვალა და გაფართოვდა, რის შედეგადაც ტესტირებას დღეს ექვემდებარებიან არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ საზღვრის კვეთა სარისკო ქვეყნებიდან, არამედ ექვემდებარება დამატებით ორი ჯგუფი, ეს პროცესი დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად მივყვეთ ამ ნაბიჯებს. ჩვენი სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და თუ გახდება საჭირო ტესტირების უფრო დიდ მასშტაბზე გასვლა, ამისთვისაც მზად ვართ. იცით, რომ როგორც პირადი დაცვის საშუალებების, ისე ტესტების მუდმივ რეჟიმში შესყიდვა მიმდინარეობს და თუ დღეს მასობრივ ტესტირებას არ ვახორციელებთ, ამის მიზეზი არის არა ტესტების დეფიციტი, არამედ ამის მიზეზი მათი რაციონალური და მიზნობრივი გამოყენება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.